მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განბაჟება - ყველაფერი მის შესახებ

მანქანის განბაჟება

საქართველოში ონლაინ შოპინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის მიზეზი კი ადგილობრივ და უცხოურ ბაზარს შორის არსებული ფინანსური განსხვავებებია. მომხმარებლები ონლაინ ყიდულობენ ყველაფერს, იქნება ეს ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წიგნები თუ ავტომობილები.

ონლაინ ვაჭრობის მზარდი მოთხოვნის ფონზე განბაჟების საკითხები მეტად აქტუალურია და რადგან გლობალური ვაჭრობა რეგულაციებისა და პროცედურების მასშტაბური ქსელია, აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც სხვადასხვა ნივთების, მაგალითად, მანქანის განბაჟებას უკავშირდება.

რა არის განბაჟება?

შეიძლება ითქვას, რომ იმ პირებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობაში არიან ჩართულნი და საქონლის ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ, განბაჟება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უკანასკნელი ერთგვარი პროცედურაა, რომელიც ქვეყანაში პროდუქტის ლეგალურად შემოტანის შემთხვევაში უნდა დაიცვათ.

მარტივად, რომ ვთქვათ, განბაჟება პროცესია, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში შემოსული და გასული საქონლის შეფასება, დამტკიცება და დოკუმენტირება ხდება. ეს პროცედურა უზრუნველყოფს, რომ იმპორტი და ექსპორტი ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს შეესაბამებოდეს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო გადასახადების გადახდასაც მოიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ განბაჟებას დაქვემდებარებული საქონელი არ მოიცავს მხოლოდ იმ ნივთებს, რომლებიც მასშტაბური იმპორტის ან ექსპორტის პროცესშია, ამ პროცესს ასევე გადის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტებიც.

საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მანქანის განბაჟება და მასთან დაკავშირებული პროცედურები მნიშვნელოვნად განსხვავდება საფოსტო გზავნილისა და ამანათის განბაჟებისაგან.

მანქანის განბაჟება

მანქანის განბაჟება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საბაჟო პროცედურაა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ავტომობილის იმპორტი, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვის შემთხვევაში, ნებისმიერი პირისათვისაა ნებადართული. ეს გარემოება კი, მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მანქანა იმაზე ნაკლებ ფასში შეიძინონ, ვიდრე ამას ადგილობრივ ბაზარზე მოახერხებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მანქანის განბაჟება ყოველთვის კონკრეტულ ვადებშია განსაზღვრული. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილი რეგისტრირებულია უცხო ქვეყანაში და მის იმპორტს საქართველოს მოქალაქე ახორციელებს, ნივთის გაფორმება 60 დღეში უნდა მოხდეს, ხოლო თუკი მანქანის შემომტანი უცხო ქვეყნის პირია, მაშინ 90 კალენდრულ დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ვადები მკაცრად იქნეს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს 50-დან 1000-ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.

როგორც აღინიშნა, ავტომობილის განბაჟება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რთულია ზუსტი ღირებულების თქვა, რადგან ეს საკითხი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მანქანის განბაჟების ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ავტომობილის იმპორტი ხდება, არის ეს ჰიბრიდი, ელექტრო, სპორტული, კლასიკური, მარჯვენა თუ გადატანილსაჭიანი. ამასთანავე, მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რომელ წელსაა მანქანა გამოშვებული და რამდენია მისი ძრავის მოცულობა.

გაითვალისწინეთ, მანქანის განბაჟება არ არის ის ერთადერთი საკითხი, რაშიც თანხის გადახდა მოგიწევთ. საბაჟო დეკლარაციის შევსება 30 ლარი ღირს, ხოლო საექსპერტო შემოწმების აქტი - 20 ლარი. გარდა ამისა, დაგჭირდებათ ტრანზიტული ნომრის და სარეგისტრაციო მოწმობის აღება, რაც საერთო ჯამში 150 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ნომერი და დათვალიერების აქტი 80 და 20 ლარი ღირს.

ავტომობილის განბაჟების ახალი რეგულაციები

2023 წლის აპრილში საგადასახადო კოდექსში განსაზღვრული ცვლილებები შევიდა, რომლებიც ავტოიმპორტიორებს ეხებათ, რადგან მათ ავტომობილები რეექსპორტზე გააქვთ. ცვლილებების ამოქმედებამდე, თუკი ავტომობილი რეექსპორტზე 90 დღის ვადაში გავიდოდა, მაშინ მანქანის განბაჟება უქმდებოდა და აქციზის თანხა უკან ბრუნდებოდა. ახალი რეგულაციის თანახმად კი ეს ვადა 190 დღემდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ავტომიპორტიორები გარდა აქციზისა, იმპორტის გადასახადსაც უკან დაიბრუნებენ.

ონლაინ შესყიდვისა და საფოსტო გზავნილების განბაჟება

იმ შემთხვევაში თუ საფოსტო გზავნილი ან გამოწერილი ნივთის ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ ნორმებს, მაშინ საქონლის გაფორმება ანუ ამანათის განბაჟება მოგიწევთ.

ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ იმპორტირებული ნივთის, მათ შორის საფოსტო გზავნილების განბაჟება ხდემა მაშინ, როცა შემოსულია ბევრი ერთგვაროვანი პროდუქტი ან ღირებულება აჭარბებს 300 ლარს და წონა - 30 კილოგრამს. აღსანიშნავია, რომ ყველა პროდუქტზე მსგავსი რეგულაცია არ მოქმედებს. მაგალითად, საფოსტო გზავნილის განბაჟება არ ხდება თუ საკვები პროდუქტების წონა არ 30 კილოგრამს არ აღემატება და საერთო ღირებულება 500 ლარამდეა.

რა უნდა გაითვალისწინოთ ნივთის განბაჟებამდე?

ხშირად მრავალფეროვანი და რთული საბაჟო რეგულაციები ნავიგაციას ართულებს და სხვადასხვა სახის გამოწვევებს წარმოქმნის ხოლმე. მაგალითად, დოკუმენტებში უზუსტობებმა შესაძლოა პროცესი მეტად გაახანგრძლივოს და, ამასთანავე, დამატებითი ხარჯებიც წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, რომ იყოთ ინფორმირებული სავაჭრო ხელშეკრულებებისა და მოქმედი რეგულაციების შესახებ. ეს პროცესის ადეკვატურ დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ განბაჟება შესაბამის ვადებში მოხდეს, რათა კანონით გათვალისწინებული რეგულაციები თავიდან აირიდოთ.