Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზვიად ციკოლიას პლასტმასის საწარმოს პროექტი არ დაწყებულა - "პროექტი დარჩა პროექტის სახით"

596c54f3e7844
სალომე მეცხვარიშვილი
17.07.17 10:10
794
ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას პროექტი საქართველოში პლასტმასის წარმოებასთან დაკავშირებით არ დაწყებულა.

როგორც დიზაინერი "საქმის კურსთან" აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში პროექტის განხორციელებაში დახმარებას დაპირდა, ამ მიმართულებით წინსვლა არ არის.

"პროექტი დარჩა პროექტის სახით. არაფერი წინსვლა და ხელშეწყობა იმის გარდა, რაც ტელევიზორში ილაპარაკეს, არ ყოფილა. ერთი არის ის, რომ პროექტი დაწერეს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით. თქვეს, რომ უნდა წავიდე და ინვესტორი ვიპოვო, სულ არის მილიონ 200 ათას დოლარზე საუბარი. თუ ეს თანხა არ აქვს ქვეყანას იმისთვის, რომ საწარმო გააკეთოს, რომელიც განვითარდება, ხალხს დაასაქმებს, ე.ი. ეს ქვეყნის პრიორიტეტი არ არის",- ამბობს დიზაინერი „საქმის კურსთან“.
მისი თქმით, ხელშეწყობა რომ ყოფილიყო აქამდე საწარმო უკვე ამუშავებული იქნებოდა.

"მე ყველაფერი გავაკეთე ამ პროექტისთვის, მაგრამ ქვეყანას არ აინტერესებს და რა ვქნა?!",- ამბობს ზვიად ციკოლია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პლასტმასის საწარმოს შექმნის იდეის შესახებ ზვიად ციკოლიამ საკუთარ "ფეისბუკში" დაწერა.

"5 მილიონს ვიხდით "აეროსმიტში". 2.5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს. ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ“,- წერდა ციკოლია.

ამის შემდეგ ციკოლია ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტო" განახორციელებდა".

იანვარში კი პროექტს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

"მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.