12.აპრილი.2019 18:28
ანალიტიკა

IMF-ის ანაგრიში - კორუფციის დონე საქართველოში

საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.
ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” - CRRC-იმ 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.3 პროცენტის ფარგლებშია.

კორუფცია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშშიც. ერთ სულზე შემოსავლით საქართველო 191 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კიდევ ერთი მონაცემი, რომელმაც 2018 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 11 ათას 485 ამერიკული დოლარის ოდენობით დათვალა.
აქვე: 2018 წლის ეკონომიკური ზრდით - 4.7%-ით საქართველოს ეკონომიკამ მსოფლიოში 47-ე ადგილი დაიკავა. ესეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებია. 2018 წელს რეგიონის ლიდერი სომხეთია - 5%-იანი ეკონომიკური ზრდით. სომხეთი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს 9 პოზიციით უსწრებს და 38-ე ადგილზეა.

“2003-დან 2008 წლამდე საქართველოში საგადასახადო შემოსავლების წილი მშპ-ში 12%-დან 25%-მდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია“ - სავალუტო ფონდის ეს შეფასება საქართველოს გადასახადების ადმინისტრირების პრაქტიკას უკავშირდება. აიემეფი წერს, რომ რუანდასთან ერთად საქართველოც, ამ კუთხით, საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნად რჩება. აიემეფ-ის შეფასებით, საქართველომ და რუანდამ მნიშვნელოვან პროგრესს დროის მოკლე პერიოდში მიაღწიეს.

საინტერესოა, რას უკავშირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ამ წარმატებას. და აქ შემოდის სწორედ კორუფციის თემა. პასუხი ასეთია: კორუფციის დონის მნიშვნელოვან შემცირებას.

სტუმარი:გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრი; დირექტორი