21.ივნისი .2018 19:00

"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები ეტალონურები უნდა გახდნენ"

894
უკან

"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები უნდა გახდნენ ეტალონურები",- ამის შესახებ bm.ge-ს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა. ასე ეხმაურება მეგრელიშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე.

მისი თქმით, ისეთ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, ჯანდაცვის კარგი მაჩვენებელები ფიქსირდება და ეს კერძო კლინიკებს შორის არსებული კონკურენციის დამსახურებაა.

„ერთი ქვეყანა მაინც გვაჩვენონ, რომელსაც აქვს ანალოგიური ეკონომიკური მდგომარეობა და აქვს ჯანდაცვის ისეთი მაჩვენებლები, როგორიც საქართველოს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში კლინიკების დიდი ნაწილი არის ერთმანეთთან კონკურენციაში.

დავით სერგეენკოს აქვს ყველაფერზე საპირისპირო წარმოდგენა და ეს გამოვლინდა საყოველთაო ჯანდაცვაზეც და იმ რეგულაციებზეც, რომლებიც ხორციელდება ეტაპობრივად. ეს ყველაფერი ხელს უშლის ამ სფეროს განვითარებას.

რაც შეეხება იმას, რომ რომელიღაც კლინიკები უნდა გახდნენ ეტალონურები, ეს აბსურდულია, რადგან შეუძლებელია სახელმწიფომ ისეთი ფასი და ხარისხი დაიჭიროს, როგორიც აქვთ თავისუფალ ბაზარზე მოქმედ კერძო კლინიკებს. შესაბამისად, ამას დასჭრდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება და დასჭირდება იმდენი ფულის დახარჯვა, რა თანხასაც ეს კლინიკები უბრალოდ არ ხარჯავენ. წარმოუდგენელი მეჩვენება ამ მოდელით შესაძლებელი გახდეს რომელიმე კლინიკისთვის კონკურენციის გაწევა თავისუფალ ბაზარზე. პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო კლინიკები ვერ უწევენ კონკურენციას კერძო კლინიკებს“,- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.