16.მაისი .2018 11:43

გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

861
უკან

112-ში ყველაზე ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით რეკავენ. IDFI-მ 112-ში შესული ზარების მონიტორინგი ჩაატარა და 2013-2017 წლების ანალიზი გამოაქვეყნა.

ანალიზი აჩვენებს, რომ გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ზარების უპრეცედენტო რაოდენობა კი 2016 წელს დაფიქსირდა და სულ 2 236 751 ზარი შეადგინა. მცირედით ნაკლები ზარი შევიდა 2017 წელს - 2 159 527 ზარი.

აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება 2015 წლის მოცემულობას, როცა ზარების საერთო რაოდენობა არ აღემატებოდა 1 833 928-ს, და კიდევ უფრო მეტად 2014 (1 599 552 ზარი) და 2013 (1 355 307 ზარი) წლებს.

IDFI -ს ცნობით, 112 -ზე შესული ზარებიდან ყველაზე მეტი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ითხოვს. მეორე ადგილზეა საპატრულო პოლიცია, მესამეზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახური.

მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით საერთო რაოდენობიდან უდიდესი წილი 1 653 995 სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე მოდის, 391 478 საპატრულო პოლიციაზ, ხოლო 114 054 - სახანძრო-სამაშველო სამსახურზე.