მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ ფონდში თანხა მხოლოდ პრეზიდენტს აქვს ჩარიცხული

5d5ba321e1289
BM.GE
20.08.19 11:50
1567
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის 35 880 ლარია აკუმულირებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ ა(ა)იპ „სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხების ჩარიცხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ინიციატივით შექმნილ ფონდში ხელფასის ნაწილს რიცხავს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 6 900 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, ფონდის მიერ რაიმე პროექტის ან აქტივობის დაფინანსება არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა, სალომე ზურაბიშვილი ახალი, საქველმოქმედო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც, მისი თქმით, საკუთარ ხელფასს ყოველთვიურად გადარიცხავდა. როგორც მაშინ პრეზიდენტი აცხადებდა, თავად საფრანგეთის შეგროვებით პენსიას იღებდა და „სრულებით ეყოფოდა“.

„მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც, პირველ რიგში, მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, რამეთუ, მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის შეგროვებით პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო: IPN