მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა"

5cbf4dfc7c810
თელარა გელანტია
23.04.19 22:00
1856
„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება, რისი მიზეზიც შრომის ანაზღაურებაა.
ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ბიუროკრატიის ზომაზე საუბრისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ ბიუროკრატიის ზომა, მათ შორის სსიპ-ებსა და აიპებ-ში დასაქმებული ადამიანების რიცხვი და მათ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს.

თავის მხრივ, ვანო მაჭავარიანი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხის მშპ-თან მიმართება წლიდან წლამდე მცირდება და ამას სტატისტიკური რიცხვებიც აჩვენებენ. მაგალითად, 2018 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის შეფარდება მშპ-თან 12.2% იყო, 2017 წელს - 12.7%, ხოლო წლევანდელი პროგნოზი - 11.7%-ია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ, bm.ge-მ ფინანსთა მინისტრს პრემიერ მინისტრის ის განცხადება გაახსენა, რომლის თანახმად, „სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს და ამ გზით ბიუროკრატიის შემცირება უნდა მოხდეს“.

რა ხდება ამ მიმართულებით დღეს - თუ დაიწყო რეფორმა? - იკითხა bm.ge-მ.

„მე მგონი, მიმდინარეობს. სხვადასხვა უწყებებში არის რეფორმა. მე როგორც ვიცი, არის ამ კუთხით დაგეგმილი გამსხვილება. მაგალითად, განათლების და კულტურის სამინისტროში იყო მსგავსი ინიციატივები. კონკრეტული აიპ-ების სსიპ-ების მიხედვით ვერ გამოგყვებით, თუმცა აქ არის მთავარი რა - შრომის ანაზღაურებაზე დანახარჯები მართლა ძალიან დაბალია, თუმცა ჩვენ გვაქვს აქ გამოწვევა, რომ სადღაც ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში და ა.შ. შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე საჭიროა. ამ შემთხვევაში, თუ მანდ მოხდა ამ მხრივ რაღაცა ტიპის რეფორმები, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არსებულ მოხელეებს გავუზარდოთ ხელფასები. ჩვენ დღესდღეისობით გვაქვს ერთადერთი დიდი პრობლემა. ჩვენ გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების გადინება კერძო სექტორში ხელფასის გამო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს იძახდნენ, რომ ძალიან დიდია ბიუროკრატიის ხარჯი და ა.შ. და ამ დროს მე როგორც ფინანსთა მინისტრმა, როცა მოვედი, დავინახე, რომ სხვადასხვა სამინისტროებიდან გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების გადინება და ვართ ნაკლებ კონკურენტუნარიანი კერძო სექტორთან. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ სფეროში იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო თავები და ტვინები“, - განაცხადა მინისტრმა.

Bm.ge-ის რეპლიკაზე: მზად ხართ გაზარდოთ ხელფასები? - მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ჩვენ გავაკეთებთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს ჩვენი ფისკალური ჩარჩო. სამწუხაროდ, არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთ დღეში მოხდეს ეს, აქედან გამომდინარე, სწორი გზით უნდა ვიაროთ და იმ ტემპით და იმ დოზით მოვახდინოთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაცია, რის საშუალებასაც მოგვცემს ეკონომიკის ზრდა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.