15.აპრილი .2016 16:57

ზაზა ფაჩულიას ფიტნეს-კლუბების ქსელი რეგიონებში შედის

views 1650
უკან

ფიტნესცენტრების ქსელები საქართველოს რეგიონებში შესვლით ინტერესდებიან.
 
ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოსული SnapFitnes-ი, რომელიც ქართველ კალათბურთელს ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის, მომავალ წელს სამ ქალაქში შესვლას გეგმავს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა არჩილ ფირიაშვილმა "კომერსანტს“ განუცხადა, ფილიალები გაიხსნება ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

მისი თქმით, ამ ქალაქებში კვლევები ჩატარებულია და ფიტნესკლუბებზე მოთხოვნა ფიქსირდება. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, არჩილ ფირიაშვილი აცხადებს, რომ ბაზრის კვლევა სხვა ქალაქებშიც ჩატარდება და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ Snap Fitness-ს განვითარების გეგმა აქვს, რომელსაც მიჰყვება და რომლის მიხედვითაც დედაქალაქში წლის ბოლოდე 3 ახალი ცენტრი უნდა გაიხსნას. მათ შორის, ერთ-ერთი ჭავჭავაძის გამზირზე. ეს ობიექტი დაახლოებით 15 ივნისსისთვის ამუშავდება.

"მოთხოვნა თბილისში საკმაოდ დიდია. ჩვენ კარგი პროდუქტი შევქმენით, რომელიც ხარისხზე და მომხმარებლებზე ორიენტირებულია. ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია და იზრდება. უახლოეს წლებში ეს მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს ",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

საქართველოს რეგიონებში ცენტრების გახსნით დაინტერესებულია ფისტნესცენტრების ქსელი "ასპრიაც“, რომელიც თბილისში უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს.
როგორც "კომერსანტს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანი ბერიკაულმა განუცხადა, ამასთან დაკავშირებით გეგმები არსებობს, თუმცა, კონკრეტულად ჯერ ვერ ისაუბრებენ.

კომპანია New York Prolife Fitness & Spa, რომელიც ბაზარზე სულ ახლახანს შემოვიდა, ქსელის განვითარებას ჯერჯერობით თბილისში აპირებს. მეორე ცენტრის გახსნას კომპანია დაახლოებით ზაფხულისთვის გეგმავს. რაც შეეხება რეგიონებს, ჯერჯერობით ამ მიმართულებით კომპანიას გეგმები არ აქვს.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში ქსელური ფიტნეს–კლუბები წარმოდგენილი არ არის.

"კომერსანტი"