მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

5d32bbf05fdf8
მარიამ ადამია
20.07.19 15:40
2922
ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური და საკონსულტაციო ქსელი კანტარი, კომპანია WPP-თან ერთად, 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ჩინური კომპანიების ათეულს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩინური ბრენდების გავლენა საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებით კი, იაპონიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მკვეთრად იზრდება. პარალელურად, იზრდება და ვითარდება პროდუქციის ხარისხიც.

რაც შეეხება ტოპ-10-ს, ის ასე გამოიყურება:

10 Anker

ათეულს რეიტინგში ბოლო პოზიციით Anker ხსნის. კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას მსოფლიოს მასშტაბით ყიდის, მათ შორისაა სმარტფონების აქსესუარები, კაბელები, დამტენები, ყურსასმენები და ასევე სხვადსხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, მათ შორის Anker-იც, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, ამისთვის კი, ცალკე ლაბორატორიაა შექმნილი, სადაც ამ ეტაპზე სახის ამომცნობი სისტემა მუშავდება, რომელიც ჩინეთში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი მოთხოვნადია დაბალი ფასების მქონე პროდუქციის გამო, 604 ქულით არის შეფასებული, თუმცა 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1%-ით არის შემცირებული მიმდინარე წელს.

9 OnePlus

მეცხრე ადგილზეა - OnePlus, რომელიც საქართველოშიც ცნობილი და გავრცელებული ბრენდია. მან სახელი მაღალი ხარისხის სმარტფონებითა და დაბალი ფასებით გაითქვა. ხოლო გამოშვებული მობილური ტელეფონები ისეთ კომპანიებთან შედის კონკურენციაში, როგორიცაა Apple, Samsung, Huawei და მან საკუთარი მომხმარებლის გაჩენა მაინც მოახერხა. მისი ბოლო ნამუშევარი One Plus 7-ია, რომელიც მაისში გამოვიდა და აზიაში იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სმარტფონი გახდა და უკვე 250 ათას ერთეულზე მეტი გაიყიდა. ერთ-ერთი გამოცემა იმასაც კი წერდა, რომ ჩინეთში, უმსხვილეს ბაზარზე Galaxy S10 უფრო რთულად იყიდებოდა ვიდრე One plus.

8 Air China

მერვე ადგილზე მოხვდა ავიაკომპანია Air China. ბრენდი, რომელიც ჩინეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და China Southern Airlines-ის შემდეგ ქვეყანაში მეორე უმსხვილესი ავიაგადამზიდია. კომპანია ასევე, მგზავრთა გადაყვანის კუთხით, გლობალური საავიაციო ალიანსის Star Alliance-ის წევრიც არის, ხოლო მის ლოგოზე გამოსახულია ფენიქსი. ეს არის უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელიც ფრენებს 200 მიმართულებით ასრულებს და მსოფლიოს 6 კონტინენტზე დაფრინავს. რაც შეეხება საქართველოს, აღნიშულ კომპანიასთან, მოლაპარაკებები 2016 წელს დაიწყო და საუბარი იყო მის შემოსვლაზე, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

7 Haier

მომდევნო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Haier-ია, კომპანია ჯერ კიდევ 1984 წელს დააფუძნა ჟანგ რუიმინმა, რომელიც დღესაც საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. 2018 წელს კომპანიის სავაჭრო ბრუნვა 266 მილიარდი იუანი ანუ თითქმის 39 მილიარდი დოლარი იყო. რაც შეეხება მის მოგებას, ეს მაჩვენებელი 5 მილიარდ დოლარამდეა. Haier-ს მსოფლიო მასშტაბით 106 მარკეტინგული ცენტრი, 122 საწარმო, 25 ინდუსტრიული პარკი და 10 კვლევებისა და განვითარების ცენტრი აქვს. ის ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და კომპანიის ღირებულება Bloomberg-ის მიხედვით, 58 მილიარდი დოლარია. მისი ბრენდის სიძლიერე Chinadaily-ს 776 ქულით აქვს შეფასებული და 2018 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია.

6 Hisense

კიდევ ერთი ჩინური, სახელმწიფო კომპანია დასახელდა გავლენიანთა რიგებში - ეს Hisense-ია, რომელიც დღესდღეობით ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი ბრენდია საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში. კორპორაცია 1969 წელს შეიქმნა და მალევე მოიპოვა უმსხვილესი კომპნიის სტატუსი. გარდა ამისა Hisense სასტუმროების ქსელსაც ფლობს, პროდუქციის ექსპორტს კი მსოფლიოს 100 ქვეყანაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურ გლობალურ მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს და დიდი პოპულარობით სარეგებლობს ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. ბრენდის სიძლიერე კვლევაში 823 ქულით არის შეფასებული, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 55%-ით მეტია.

5 ByteDance

ხუთეულში მოხვდა ByteDance - ინტერნეტ ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ჩინეთში ცნობილ სხვადასხვა აპლიკაციას ფლობს, მაგალითად TikTok, Helo, Faceu და ა.შ. როგორც Chinadaily წერს, მისი ბრენდის სიძლიერე 878 ქულიანია მიუხედავად იმისა, რომ ByteDance-მა რებრენდინგი განიცადა და 2018 წელს ფართო საზოგადოების წინაშე ახალი ლოგოთი წარსდგა.

4 Xiaomi Corporation

რეიტინგში მეოთხე ადგილი Xiaomi Corporation-ს ეკუთვნის, რომლის ისტორია მობილური მოწყობილობის წარმოებით არ დაწყებულა. ყველაფერი Android-ისთვის განკუთვნილი საფირმო მარკით - MIUI-თ დაიწყო. მწარმოებლები, ლეი ჯუნისი შთაგონებას Samsung-სა და Apple-ში ეძებდნენ, რაც დღემდე ეტყობა სმარტფონს. MIUI-მ ზუსტად ერთი წლის განმავლობაში მოიპოვა დიდი პოპულარობა ფართო აუდიტორიას შორის სტაბილური მუშაობისა და მოსახერხებელი ინტერფეისის წყალობით. 2011 წლის აგვისტოში კი Xiaomi-მ გამოუშვა სმარტფონი, რომელიც იმ დროისთვის არსებულ ყველა ტოპ მოწყობილობასთან შედიოდა კონკურენციაში და ღირდა სულ რაღაც 315 $, რაც ორჯერ ნაკლები იყო კონკურენტების ფასებზე. ფასისა და ხარისხის იდეალური შეთანხმების წყალობით მოყობილობა ძალიან მალე გახდა პოპულარული მთელი მსოფლიოს, დღეს კი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიაა, რომლის ქულა 1,068.

3 Alibaba

რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს Alibaba. ბრენდმა 48%-იანი ზრდა აჩვენა 2018 წელთან შედარებთ და მისი შეფასების ქულა 1624-ია. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ მას პენსიაში გასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს, საფონდო ბირჟაზე მისი აქციების რყევები მხოლოდ 1-2 კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა, შემდეგ კი კვლავ სტაბილურად ზრდა დაიწყო. მისი გაყიდვები 2018 წელს 36 მილიარდი დოლარი იყო და ღირებულება კი მოგეხსენებათ 453 მილიარდია და ამით ის ტოპ 10 საბაზრო კაპიტალიზაციაში შედის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2 Lenovo

მეორე ადგილი მიენიჭა Lenovo-ს, ბრენდს რომლიც ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩინური მრავალტექნოლოგიური კომპანიის სათავო ოფისი პეკინში მდებარეობს და ძირითადად ამზადებს ჭკვიან ტელევიზორებს, კომპიუტერებს, სმარტფონებსა და IT ტექნოლოგიებს. ის ფუნქციონირებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და თავისი პროდუქცია გაყიდული აქვს 160-ზე მეტ ქვეყანაში. ხოლო ძირითადი კაპიტალი აქვს პეკინში, შენჟენში, შანხაიში, ვუჰანში, იატატოში და იაპონიაში. ხოლო თუკი ისტორიას გადავხედავთ, ლენოვო 1984 წელს დაარსდა, 2005 წელს შეიძინა IBM-ის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესი და 2014 წელს დათანხმდა Intel-ის ბიზნესის წარმოებაზე.

1 Huawei

რეიტინგის ლიდერია Huawei, რომლის აღზევებაც P9 მოდელის გამოშვების შემდეგ დაიწყო. ეს იყო პირველი პრემიუმ კლასის სმარტფონი თან 2 კამერით და ახალი განაცხადი სმარტფონების ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია ყოველ წელს გამოირჩევა ინოვაციებით, კამერის უმაღლესი ხარისხით, ხარისხთან ერთად არც რაოდენობას უჩივიან კამერების და სწორედ ამიტომ მისი ბრენდის ქულა 1862-ია. გასაკვირი არაა, რომ დონალდ ტრამპიც აქტიურად ცდილობს სავაჭრო ომში ჰუავეის გამოყენებას, რადგან იცის მისი შესაძლებლობები და მასშტაბურობა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დიდი ხანია ცდილობს შეუშალოს ხელი Huawei-ს, მისმა გაყიდვებმა ზუსტად 1 წლის წინ გადაუსწრო Apple-ს და ბაზარზე Samsung-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიმკვიდრა.