14.აგვისტო .2019 20:00

ხვალ საქსტატი 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ რიცხვებს გამოაქვეყნებს

views 271
უკან

ხვალ, 15 აგვისტოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს. 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გასული წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს $1.2 მილიარდი შეადგინა, რაც 35% ნაკლები იყო 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

ეს შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში არსებულ ვარდნას უკავშირდებოდა, რასაც მაშინ მთავრობა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის დასრულებას უკავშირებდა, როგორიც შაჰ-დენიზის მილსადენის მეორე ფაზის მშენებლობის დასრულება იყო. ინვესტიციების ყველაზე დიდი შემცირება სწორედ ამ პროექტის ძირითადი ინვესტორი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან მომდინარეობდა. 

წინასწარ უცნობია თუ რა იქნება სხვაობა ინვესტიციების წინასწარსა და დაზუსტებულ მაჩვენებლებს, ამასთანავე, წარსულში იყო წლები, როდესაც ამ ორ მონაცემს შორის სხვაობა 10%-საც აღემატებოდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინვესტიციების კლებაა ენერგეტიკაში, უძრავ ქონებაში, მშენებლობასა, აფინანსო სექტორსა და სხვა სექტორებში: 

  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $174,659,727, კლება წინა წელთან 64%; 
  • საფინანსო სექტორი - $277,854,988, კლება წინა წელთან 8%: 
  • მშენებლობა - $103,635,372, კლება წინა წელთან 37%; 
  • უძრავი ქონება - $90,019,317, კლება წინა წელთან 51%; 
  • ენერგეტიკა - $157,151,210, კლება წინა წელთან 30%.
ზრდა კი რამდენიმე მიმართულებით აღინიშნება, ეს სეტქორებია: 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $142,318,323, ზრდა წინა წელთან 44%; 
  • სასტუმროები და რესტორნები - $72,322,503, ზრდა წინა წელთან 1%; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - $66,705,292, ზრდა წინა წელთან 29%; 
  • სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $15,939,543, ზრდა წინა წელთან 29%; 
  • ჯანდაცვა - $13,163,159, ზრდა წინა წელთან 82%. 
რაც შეეხება 2019 წლის პირველ კვარტალს, საქსტატის მონაცემებით, ის 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლები იყო. 

2019 წლის მეორე კვარტლის ინვესტიციების მაჩვენებელს საქსტატი სექტემბერში გამოაქვეყნებს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა