მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

5d3803dd665f5
თელარა გელანტია
24.07.19 11:20
683
რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ის გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისა დაგეგმილი.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო თვალსაზრისით ურთულესი მონაკვეთია.