12.სექტემბერი .2019 00:10

ხელის გულით გადახდა - AMAZON-ის ახალი ნოუ-ჰაუ

views 528
უკან


ამერიკული ინტერნეტ სავაჭრო გიგანტი "ამაზონი" ახალ ნოუ-ჰაუს ავითარებს. კომპანია ინოვაციური მეთოდებით გადახდის სისტემაზე მუშაობს, რომელიც ტექნოლოგიებში ახალი და გრანდიოზული ეტაპი იქნება. სავაჭრო დაწესებულებებში დროის შემცირების, სწრაფი გადახდისა და კომფორტული შოპინგისთვის Amazon-მა ხელის გულით გადახდის სისტემის გატესტვა უკვე დაიწყო. ე.წ. ორვილის სისტემა სატესტო რეჟიმში კომპანიის ნიუ-იორკის ოფისში ჩაეშვა. აპარატი რითეილერის სავაჭრო ავტომატზეა დამაგრებული და თანამშრომლები გადახდებს ხელის გულის საშუალებით ახორციელებენ.


იმ შემთხვევაში თუ პროექტი დაიხვეწება და წარმატებული აღმოჩნდება, 2020 წლიდან "ამაზონი" შტატებში კუთვნილ Whole Foods-ის მაღაზიებში მსგავსი სერვისის დანერგვას მასობრივად დაიწყებს. მომხმარებლები ინოვაციური მეთოდით ისე გადაიხდიან, რომ მოწყობილობას არც კი შეეხებიან, აპარატი ხელის გულის სკანირებას მოახდენს და ამის მიხედვით დაადგენს კლიენტის იდენტობას.  თავიდან, სერვისით სარგებლობა Amazon Prime-ის კლიენტებს შეეძლებათ; კომპანიას მათი მონაცემები ბაზაში უკვე შენახული აქვს.






როგორც ექსპერტები აცხადებენ, საკრედიტო ბარათით გადახდას 4 წამი სჭირდება, ხელის სკანირების შემთხვევაში კი, ეს დრო 300 მილიწამამდე შემცირდება, თუმცა თავის მხრივ, ახალ ინოვაციას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კლიენტები პირადი მონაცემების გასაჯაროებისას საკუთარ თავს დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში ჰაკერები შეაღწევენ,  ინფორმაციაზე წვდომა მესამე ხელში გადავა.