მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძის განცხადებით, ივანიშვილმა ჩხარტიშვილის საქმეზე საკონსტიტუციოდან სარჩელი გამოატანინა

5d7a7d7237dc2
შოთა ტყეშელაშვილი
12.09.19 21:15
1286
ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მამუკა ხაზარაძემ ვანო ჩხარტიშვილთან არსებული დავის შესახებ ისაუბრა. ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან “კულუარული” შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი რომან ფიფია და მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირალი შოთაძე ესწრებოდნენ. ხაზარაძე აცხადებს, რომ ვანო ჩხარტიშვილის დავებს საეჭვო გარემოებებს გამო, მუდმივად ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავდა, ხოლო აღნიშნული საქმეები კი ერთმანეთის მსგავსად სრულებოდა.

“არსებობს ერთი პერსონა [ვანო ჩხარტიშვილი], რომელსაც ძალიან მიჭირს რომ ბიზნესმენი დავუძახო, მთავრობის ცვლილებიდან ძალიან მოკლე ხანში, ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე. იგი თიბისი ბანკს თხოვდა $30 მილიონ დოლარს [ფოთის წისქვილკომბინატის შესახებ დავა], აბსოლუტუტად აბსურდული თემა იყო ეს. ჩვენ რა თქმა უნდა ლეგალურად დავიწყეთ თავის დაცვა, ავიყვანეთ იურისტები, ჩვენი შიდა იურისტებიც ჩაერთნენ. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ მას ანალოგიური სარჩელები სხვა კომპანიების წინააღმდეგაც ჰქონდა დაწყებული. მე მახსოვს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინტერვიუ წინანდალშიც მივეცი [“ვანოს ჰყავდა ერთი მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე იკრიბებოდა საოცრად. ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული სხვა ბიზნეს კომპანიების წინააღმდეგ, ყველაფერი რატომღაც ერთ მოსამართლესთან იკრიბებოდა. ეს თქვენ გაარკვიეთ რატომ და როგორ” - განაცხადა ხაზარაძემ იმ ინტერვიუში, რომელსაც დღევანდელ ეთერში იხსენებს], ყველა ეს საქმე თავს იყრიდა ერთ მოსამართლესთან და ყველა ეს საქმე, ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური - მისი მოგებით. მივხდით რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც.

მე მსგავს ამბავში მოვყევი მაშინ, როდესაც ბორჯომში ვსაქმიანობდი უკრაინაში, როდესაც უკრაინაში გაგვიჩერეს ქარხნები და დაიჭირეს დირექტორები, ეს იყო ანალოგიური სქემა.

ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, იმიტომ რომ ის მოთხოვნა, რაც იყო სარჩელში, იყო ის რომ პირველსავე ინსტანციაში ხდებოდა დაყადაღება და თანხის ამოღება. ბანში ფულის დაყადაღება და ინკასო არის ძალიან მარტივი. ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და სამართლებრივად ვაგრძელებდით დავას. მე გერმანიაში გავემგზავრე მცირე ხნით, სადაც მივიღე ზარი, ეს ზარი იყო ბიძინა ივანიშვილისგან, რომელთანაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრე. ეს იყო პარასკევი და იგი მარწმუნებდა, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო სამართლოში ამის გარჩევა არ უნდა მომხდარიყო. ვუთხარი რომ მე ამას ვერ გავაკეთებდი, ვუთხარი რომ არ ვიყავი ბანკის 100%-ის მფლობელი აქციონერი. რაღაც მომენტში მოლაპარაკება ბიზნესში და კომპრომისის ნახვა ძალიან ნორმალური მოვლენაა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რა ხასიათი იმისა თუ რაც აქვს მეორე მხარეს, გეტყვით რომ ეჭვი მქონდა ამასთან დაკავშირებით.

ეს იყო მეგობრული საუბარი, მან თქვა რომ ის საკუთარ შვილსაც არ დააძალებდა არაფერს. ძალიან უხერხული იყო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი, რომ შეტანილი სარჩელი გამოგვეტანა უკან, მაგრამ მე დავარწმუნე ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, თქვენ იცით რომ ჩვენ 5 დამოუკიდებელი წევრი გვყავს სამეთვალყურეო საბჭოში.

სწორედ ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა, რომ ლეგალურად საქმე გამოგვეტანა, რაც გავაკეთეთ. ორშაბათს ჩვენი იურისტი ჩავიდა ბათუმში და საქმე გამოიტანა. რა თქმა უნდა ცოტა შევრცხვით კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამის შემდეგ ხდება შეხვედრა მის სახლში, სოლოლაკში, შეხვედრას ჩვენი მხრიდან ვესწრებოდით მე და ბადრი, ესწრებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ესწრებოდა ბიზნესმენი ფიფია, ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ თუ რატომ ესწრებოდა იგი ამ შეხვედრას და ბიძინა ივანიშვილი. საოცრება იცით რა იყო კიდევ? - იცით ვინ ესწრებოდა შეხვედრას? ეს იყო ირაკლი შოთაძე, მაშინდელი მთავარი პროურორი. გესმით რასთან გვაქვს საქმე? აღმოვჩნდი პატარა სასამართლოში, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარე, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. იდევ კარგი შოთაძე იჯდა იქ, რადგან როდესაც ეს დისკუსია წავიდა, დისკუსიის საათნახევრის შემდეგ წაიჩურჩულა, რომ იგი ვერ ხედავდა ამ საქმეში რაიმე ისეთს, რაზეც ვიყავით შეკრებილები. გამოვედი შოკირებული, ივანიშვილი იყო, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა, გვერდზე უზის პროკურორი და არჩევს საქმე. თუ მეუბნები, რომ საქმე გამოიტანე, მაშინ პროკურორი რატომ გიზის გვერდით? და შემდეგ ამბობს მადლობაც კი არ გადამიხადა?

მე ზრდილობა ნამდვილად არ მეშლება, სიტყვა-პასუხიც ვიცი და მადლობაც ვიცი, ამ “მადლობაში” ალბათ ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაც პატარა მაინც რატომ არ გადავიხადეთ? [კითხვა: ვისთვის უნდა გადაგეხადათ?] ალბათ ჩხარტიშვილისთვის, რომელსაც ეს ყველაფერი ჰქონდა დალაგებული. ალგორითმი როგორ უნდა ააწყო, რომ თვეების განმავლობაში ძალიან მსხვილ კომპანიებთან დავები ერთი და იგივე მოსამართლესთან რომ მიდიოდეს?,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.