მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე - ინსტიტუციების გარეშე, ერთი პირის მიერ იმართება ქვეყანა

5d3b3319dc224
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.19 21:15
1588
"დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები, უცოდინარი შემსრულებლები,"- განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღმკვეთი ღონისძიების შეფასრდების შესახებ იმსჯელეს. მოსამართლე ნინო ჩახნაჩილმა ბიზნესმენებს 700,000 ლარის გირაო დააკისრა, ამასთანავე სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულებს საქართველოს დატოვება აუკრძალა. $17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წინასასამართლო მოსმენა 2019 წლის 12 სექტემბერს არის ჩანიშნული. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ ტრანზაქციის შედეგად, ფინანსური ზიანი თავად "თიბისი ბანკს" მიადგა. 

თიბისის დამფუძნებელი პარტნიორების იურისტებისა და სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პროკურატურის მტკიცებაში, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფული გაათეთრეს სერიოზული კითხვებია. 

თავად მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევის უკან სახელმწიფო დგას, თავად სახელმწიფო ინსტიტუტები და მისი მართვის ვერტიკალი კი ერთი ადამიანის მიერ არის მიტაცებული.

"დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ეს ერთი პირი თქვენ იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები, უცოდინარი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მე პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს, ახალგაზრდა ხალხს, ნიჭიერ ხალხს მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება, თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალება, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და ასე შემდეგ. 

დღეს არსებული სისტემა, მე გარანტიას გაძლევთ, რომ დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ გირაო დამადეს. თურმე $650,000,000 უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700,000 ლარი დამადეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი, მეგობრებო, ეს არის სირცხვილი და მე ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში. ის მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს რაღაც შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ჩვენ ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დამთავრდება,"- აცხადებს ხაზარაძე.