03.მაისი .2016 11:01

წლიური ინფლაცია 3,2 პროცენტამდე შემცირდა

views 1120
უკან

აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 3,2 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,0 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაცია მიმდინარე წლისთვის 5%-ია.
 
აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ფასების შემცირებით შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,0 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-2,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-7,2 პროცენტი); ფასების 1,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,5 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (22,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (10,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (14,9 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (7,8 პროცენტი).

ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,3 პროცენტი); ფასები 6,1 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-15,7 პროცენტი). ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა