მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს"

5d08dd7f78288
თელარა გელანტია
18.06.19 20:20
1144
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ისინი სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) 2019 წლის გლობალური კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს. კონფერენცია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს და საფრანგეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით ტარდება.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ რეფორმებზე, რომლის მიზანიც წიაღისეული რესურსების მართვის ეფექტიანობის გაზრდაა. გვსურს დავნერგოთ ინტეგრირებული ნებართვების გაცემის სისტემა, რომელიც სამთო-მოპოვებით სექტორში მომუშავე ბიზნესს საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ ინვესტორებთან პროაქტიული ურთიერთობის პრინციპზე, რომლითაც ვგეგმავთ კომპლექსური საინვესტიციო შეთავაზებების მომზადების გზით პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობას.

გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე რეფორმების პოტენციურ დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მათთან პროაქტიული მუშაობა მნიშვნელოვანი გზაა წიაღის სექტორში გლობალური ინვესტორების მოსაზიდად," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.

თავის მხრივ, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მაია ზავრაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია EITI (Extractive Industries Transparency Initiative) პრინციპების უკეთ გაანალიზება, რომელიც წარმოადგენს ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის გამჭვირვალობის გლობალურ სტანდარტს, მისი უმთავრესი პრინციპები ასახავს ყველა დაინტერესებული მხარის საერთო მიზნებსა და ვალდებულებებს მოპოვებით მრეწველობაში.

მისივე თქმით, კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს ქვეყნების ლიდერებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წარმომადგენლებს, განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის სფეროში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერება და EITI პრინციპების შესაბამისად შემუშავებული იმ მიდგომების განხილვა, რომლებიც სექტორში კარგი მმართველობის დანერგვისა და პასუხისმგებლიანი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფენ.