მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

5cb88f1dd66a8
ლიკა გურაბანიძე
19.04.19 09:03
1073
მიმდინარე წელს, საქართველოში McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება.

საწარმო ლილოში აშენდება და ჯამში, 5 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება.

როგორც bm.ge-ის McDonald’s საქართველოს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, საწარმოს გახსნის ზუსტი თარიღი ერთ თვეში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, მშენებლობის დეტალებთან დაკავშირებით McDonald’s-ის უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბიზნესმენის განცხადებით, ამჟამად პროექტი დამუშავების პროცესშია.

„McDonald’s-ის მენიუში ბურგერის პური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყველაფერი ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით ხდება. პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ, იმ სტანდარტების უნდა იყოს, რაც მსოფლიოში მიღებულია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

თემურ ჭყონიას განცხადებით, ბურგერის პურის საწარმო კავკასიის რეგიონში პირველად აშენდება და ეს გადაწყვეტილება McDonald’s-მა მიიღო.

„საქართველოს ადგილმდებარეობა ხელს უწყობს, რომ ქარხნით სერიოზული საექსპორტო მიმართულება შევქმნათ. ამიტომ, ჩვენ კომპანიის ლოგისტიკურ დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ. ეს იქნება ქარხანა, რომელიც McDonald's-ის რესტორნებს არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთის და სამხრეთ რუსეთის მასშტაბით მოამარაგებს,“ - აღნიშნა ჭყონიამ.

ბიზნესმენის განმარტებით, საწარმო წლის განმავლობაში 30 მლნ ცალ პურს გამოუშვებს.