მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალკაში, დმანისსა და ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი საწარმოები იქმნება

5ce9258786883
ლიკა გურაბანიძე
25.05.19 15:21
846
წალკაში, დმანისსა და ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი საწარმოები იქმნება და თითოეული მათგანი 500 ჰექტარზე მოეწყობა. როგორც BM.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუცხადა, სამომავლოდ ამ საწარმოს მფლობელი სამივე კოოპერატივი არსებულ ტერიტორიაზე მეორე დონის კოოპერატივს შექმნის.

მინისტრის მოადგილის გამარტებით, დმანისის და ახალქალაქის კოოპერატივებს ტექნიკა და მიწის ფართობები სრულყოფილად აქვთ გადაცემული, ამიტომ იქ რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უფრო სწრაფ ტემპში დაიწყება ვიდრე წალკაში.

„სწორედ მეორე დონის კოოპერატივები იქნებიან დამფუძნებლები იმ რძის საწარმოების, რომლებიც სახელმწიფოს სახსრებით აშენდება და მინიმალური თანამონაწილეობის გზით გამოსასყიდად 8 წლიანი შეღავათიანი პერიოდით ამ კოოპერატივებს გადაეცემათ.

საწარმოს მშენებლობისთვის მიწა ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გამოყოფილი და ამ ორი ობიექტის მშენებლობაზე უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. შედეგად, დმანისსა და ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი ობიექტების მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

შედარებით შეფერხებულია მდგომარეობა წალკის კოოპერატივთან დაკავშირებით, რადგან მთავრობასაც მიწის ფართობის გამოყოფასთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი. უახლოეს თვეებში ეს ფართობიც გამოიყოფა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დაიწყება,“ - განაცხადა ხანიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, თითოეული რძის გადამამუშავებელი საწარმოს საშუალო ღირებულება დაახლოებით 2 მლნ - 2 მლნ 200 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. საწარმოები დღის განმავლობაში 10 ტონა რძის გადამუშავებაზეა გათვლილი.

რაც შეეხება სამივე საწარმოს დასრულების საკითხს, (მათ შორის წალკის) მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს სამივე საწარმო კოოპერატივების მართვაში იქნება.