26.ივნისი.2019 10:45
ეკონომიკა

ვიზების გაუქმება, სუბსიდირება და სადღეგრძელო საქართველოზე - ტურიზმის ინდუსტრიის გზავნილები

ვიზების გაუქმება, სუბსიდირება და სადღეგრძელო საქართველოზე - ტურიზმის ინდუსტრიის გზავნილები
ე.წ. "რუსული ავიასანქციების" საპასუხოდ ტურიზმის ინდუსტრია შეხვედრებს განაგრძობს. გუშინ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის, „კაპიტან პლიუსისა“ და დარგის სხვა წარმომადგენლების ორგანიზებით მორიგი ღონისძიება გაიმართა.

ტურიზმის ინდუსტრიამ რუსი ტურისტების შემცირებით მოსალოდნელი ზარალის საპირწონედ რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, რომლის ადრესატიც მთავრობა და ნაწილობრივ ისევ კერძო სექტორია. ძირითადი გზავნილები ასეთია: საჭიროა მთელ რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივება ან გაუქმება, ჩარტერული რეისების სუბსიდირება და საქართველოს შესახებ აგრესიული სარეკლამო კამპანიის ჩატარება.

ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით, როგორც შეხვედრაზე სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, მთავრობას მზაობა აქვს და სწორედ კერძო სექტორისგან ელოდება იმ ათი ქალაქის ჩამონათვალს, სადაც რეისებს დააფინანსებს. ამ ქალაქების ნუსხაზე დარგის წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ.

იმ ქალაქების სიაში, სადაც მთავრობა ჩარტერული რეისების სუბსიდიას მიმართავს, შესაძლოა, ვიხილოთ: თელ-ავივი, შანხაი, ტალინი, ვილნიუსი, რიგა, სოფია, ვარშავა, მინსკი, ალმა-ატა, ტოკიო, ომანი, ბეირუთი, ნურ-სულთანი, ბაჰრეინი, ელ-ქუვეითი, ბაქო და ერევანი. როდის შეჯერდება დარგი ამ ნუსხაზე, უცნობია.

რაც შეეხება მარკეტინგულ კამპანიებს, Cron Palace-Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი მაია მახათაძე, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ქართული დიასპორის აქტური ჩართულობაა საჭირო.

"მილიონიანი ემიგრაცია გვყავს და შეიძლება მათ ვთხოვოთ და თითო ადამიანმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაზე მესიჯი გააკეთოს. საერთოდ ქვეყნის სტაბილურობას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მარტო რუსი ტურისტი კი არა, ქვეყანაში ჩამომსვლელი ტურისტი არ დავაფრთხოთ. აქ მხოლოდ ერთ ეროვნებას არ ეხება საქმე. ბევრი ბაზარი გვაქვს ათვისებული.

გარდა ამისა, ალბათ, ყველაზე სწორად მეჩვენება, ის ქვეყნები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მსგავსი ტურისტული ემბარგო, მათი გამოცდილება გავიზიაროთ, როგორ მოიქცნენ ისინი, რა არის უსწრაფესი მეთოდები ასეთი სიტუაციიდან გამოსასვლელად", - განაცხადა მაია მახათაძე.

ქვეყნის პოპულარიზაციის ხერხებზე საუბრისას Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ცნობადი სახეების ჩართვის აუცილებლობას გამოყოფს.

"ჩვენ გვქონდა ასეთი ინიციატივა, რომ განხორციელდეს საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია - სადღეგრძელო ქართული ღვინით და ეს სადღეგრძელო გაჟღერდეს ძალიან გავლენიანი ადამიანებისა და სელებრითების მიერ. თუ ეს ინიციატივა ტურიზმის დეპარტამენტმა აიტაცა, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, რადგამ სწორედ ღვინომ შეიძლება გააერთიანოს და მოიპატიჟოს სტუმარი საქართველოში", - აღნიშნა მან.

ამ და სხვა საკითხების განსახილველად დარგის წარმომადგენლები შეხვედრებს მიმდინარე დღეებში ისევ გეგმავენ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

17.ივლისი.2019 23:00
73

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
292

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად
17.ივლისი.2019 21:00
164

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
80

ნათია თურნავა - მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
111

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:00
143

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

ვრცლად