მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის შოთა შალელაშვილი, რომელიც დეპუტატის მანდატს ტოვებს

5d77c50811e02
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.19 21:15
6205
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი შოთა შალელაშვილი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს.

დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ მანდატის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი პარლამენტარი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდა. ის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიაში 29-ე ნომრად ეწერა.

შოთა შალელაშვილი საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეა, ის სანამ ბიძინა ივანშვილის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდებოდა, ამ ქვეყნებში ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული.

დეპუტატის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის კერძო ბიზნესში 1991 წლიდან არის ჩართული. შალელაშვილს 1991-1993 წლებში მოსკოვში “პროგრეს ბანკის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, 1990-იანი წლების ბოლოდან 2015 წლის ბოლომდე კი, ის დამფუძნებლისა და დირექტორის პოსტს არაერთ კომპანიაში იკავებდა.

შალელაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსია. 2018 წელს ჩაბარებულ ანგარიშში, დეპუტატს მითითებული აქვს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ “ქართუ ბანკში” ანაბრის სახით $6,064,396 აქვს განთავსებული, რაც ლარებში 18 მილიონს აჭარბებს. დეპუტატი ამასთანავე, ფლობს ავტომობილებსა და უძრავ ქონებას საქართველოსა და ისრაელში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატს უკავშირდება, მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულად კი შვილის - გარი შალელაშვილის საქმიანობას უკავშირდება. გამოძიების მასალების მიხედვით, გარი შალელაშვილი აშშ-ის საფინანსო სექტორის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიბერშეტევის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის მიერაც მიყენებული ზარალი “ასობით მილიონ დოლარს შეადგენდა.”

საქმის აღწერა:

2014 წლის სექტემბერში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა JP Morgan-მა გაასაჯაროვა, რომ მისმა კიბერუსაფრთხოების სამსახურმა 2014 წლის ივლისში შეამჩინია, რომ დაუდგენელმა პირებმა ბანკის მონაცემთა ბაზებში შეღწევა და იქიდან ტერაბაიტობით ინფორმაციის კოპირება შეძლეს. JP Morgan-ის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 83 მილიონი მომხმარებლის (76 მილიონი ფიზიკური და 7 მილიონი იურიდიული პირის) შესახებ მოიპოვეს ჩანაწერები. JP Morgan-მა განაცხადა, რომ მომხმარებლის ყველაზე კრიტიკული ინფორმაცია - საბანკო ანგარიშის პინ კოდები, ასევე ონლაინბანკინგის პაროლები და მომხმარებელთა სოციალური უსაფრთხოების ნომრები მოპარვას გადაურჩა, თუმცა ჰაკერებმა მოიპოვეს ინფორმაცია მომხმარებელთა სახელების და გვარების, მათი ანგარიშის ნომრების, ასევე მისამართების, ტელეფონის ნომრების და ელექტრონული ფოსტების შესახებ.

გარი შალელაშვილის სქემა ათიათასობით ადამიანის გაქურდვის მიზნით სწორედ ამ ინფორმაციას იყენებდა. JP Morgan-ი ერთადერთი ბანკი არ იყო, რომლის მომხმარებელთა მონაცემებით მოიპარეს, მათ შორისაა საინვესტიციო ბანკი Fidelity, საფინანსო კომპანია E-Trade, Regions Financial-ი და კიდევ დაახლოებით 10 კომპანია. ჰაკერული თავდასხმები 2011-2014 წლებში განხორციელდა. 2015 წლის 10 ნოემბერს შალელაშვილს აშშ-მა 17 ფედერალური ბრალდება წარუდგინა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ის ამავე წელს თელ-ავივში საკუთარ სახლში დააკავეს, ხოლო 2016 წელს კი, მისი აშშ-ში ექსტრადირება მოხდა.

საქმეზე შოთა შალელაშვილმა კომენტარი 2018 წლის 7 ივნისს გააკეთა. მაშინ დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი შვილი აშშ-ში მომხდარ კიბერდანაშაულში მართლაც იყო ეჭვმიტანილი და ის სასამართლოს მიერ მის სრულ გამართლებას ელოდა.

“რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყვეტილებას და ყველა მონაცემით, ის იქნება გამართლებული,”- განაცხადა შალელაშვილმა.

Bloomberg-ის მიერ 2019 წლის 16 მარტს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შალელაშვილი, იგივე გარი შალონი, აშშ-ში ექსტრადირების შემდგომ გამოძიებასთან თანამშრომლობს.