მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერი პანკისელებთან შეხვედრაზე: ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან

5cbc85c504e39
BM.GE
21.04.19 19:00
678

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პანკისის ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი გაგრძელდება.

ინფორმაციას IPN ავრცელებს.

“ამ ეტაპზე მთავარია, რომ დაძაბული ვითარება, რაც დილით იყო, დამშვიდებულიყო. მთავარია, რომ ეს ყველამ ერთად მოვახერხეთ. ძალიან კარგია, რომ იყო დიალოგის საშუალება ხეობის გონიერ ნაწილთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი და ცივი გონება იმისთვის, რომ იმსჯელონ და იფიქრონ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ეს დიალოგი გაგრძელდება“, - განაცხადა პანკისის ხეობაში ჩასულმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის, ხეობაში სიმშვიდეა. სპეცრაზმი გადის, პოლიცია კი, რჩება.

მედიასთან კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმაც.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობასთან მუშაობა მიმდინარეობს და დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა ინფორმირებული იყო. 

როგორც ადგილზე ჩასულმა სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჰესები არც ეკოლოგიისათვის და არც მოსახლეობისათვის საფრთხეს არ წამოადგენს და დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი მშენებლობა გაგრძელდება. 

“გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობის სიღრმეშია, ხოლო მეორე ჰესზე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოა, მოსახლეობსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისივე თქმით, ადგილობრივთა უმრავლესობა კარგად ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ქვეყნისთვის და კონკრეტულად ხეობისათვის ენერგეტიკის განვითარებას მოაქვს. 

“მოსახლეობასთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ინფორმაცია თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ ჰესებს, ისევე როგორც ინფორმაცია აქვთ მოწინააღმდეგეებს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბუნება იმ სახით უნდა შევინარჩუნოთ, როგორც არის და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკის განვითარება. რა თქმა უნდა, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.