მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერი: "დღეს არ გვაქვს საუბარი ანაკლიის პორტის პროექტის ყოფნა-არ ყოფნაზე"

5ce404b316009
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 18:02
680
„დღეს არ გვაქვს საუბარი ანაკლიის პორტის პროექტის ყოფნა-არ ყოფნაზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, დღეს, ჯერ - ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მთავრობას, კონსორციუმსა და დონორ საფინანსო ინსტიტუტებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

დღის განმავლობაში მაია ცქიტიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას არ აიღებს.

მინისტრის თქმით, ინვესტორმა და ბანკებმა უნდა იპოვონ შესაბამისი მექანიზმები, რათა რისკების დაზღვევა სახელმწიფოს ჩართვის გარეშე მოხდეს.

როგორც „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებშიც“ ცქიტიშვილმა თქვა, საუბარი არის იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩართული თითოეული მხარე ცდილობს, გამონახოს ის შესაძლებლობა და ის რესურსი, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა.

„ჩვენ აქ სამ მხარეზე ვსაუბრობთ და პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს კომერციული რისკების დაზღვევა, უნდა გვახსოვდეს, საუბარია იმაზე, რომ ბანკებმა სესხი უშუალოდ ინვესტორს უნდა მისცენ ანუ პირველ რიგში, აქ საუბარი ბანკებსა და ინვესტორებს შორის არის, კომერციული რისკების დაზღვევას ინვესტორს სთხოვენ და ასეც უნდა იყოს, თუმცა ყველაზე კომფორტული აღმოჩნდა, რომ მათ შორის, გარანტიების დასაზღვევად მთავრობისთვის მიემართათ, მაგრამ სახელმწიფო ინვესტორების კომერციული რისკების დამზღვევი ვერ იქნება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.