მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცემერი: რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2020 წელს დაიწყება

5d2f44bc45d47
ლიკა გურაბანიძე
18.07.19 09:40
5059
საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულმა ავსტრიულმა საკონსულტაციო კომპანია MC Mobility Consultants GmbH-მა ქართულ წარმომადგენლობასთან (MCmaxgeorgia) ერთად კვლევითი სამუშაოები რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტირების მიზნით დაიწყო.

როგორც რუსთავის ვიცე-მერმა ბესიკ ტოგონიძემ bm.ge-ისთან განაცხადა, კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, მიწისზედა მეტროს ხაზი რუსთავამდე კონკრეტულად სამგორიდან მივა, თუ თბილისის აეროპორტიდან.

ვიცე-მერის განმარტებითვე, ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლობა რუსთავის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია რუსთავიდან თბილისამდე ტრანსპორტის საშუალებით დღის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების შესახებ.

შესაბამისად, რუსთავის მერიამ დღის განმავლობაში გადაადგილებული მგზავრთნაკადის დადგენის მიზნით, სამოქალაქო სექტორთან ერთად მონიტორინგი ჩაატარა. შედეგების თანახმად, რუსთავიდან თბილისში და პირიქით, მხოლოდ მიკროავტობუსებით 25 ათასი ადამიანი მგზავრობს. გარდა ამისა, ვიცე-მერის ინფორმაციით, დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მგზავრობს "მინივენებით", ნაწილი მსუბუქი ტაქსით, დამატებით, მგზავრები გარდაბანი-თბილისის ხაზზე მოძრავი მატარებლით გადაადგილდებიან. მატარებელი დღეში ერთ რეისს ასრულებს.

„სავარაუდოდ მიწისზედა მეტროს ხაზი რუსთავამდე ლილოდან, ან თბილისის აეროპორტიდან წამოვა, დამატებითი ხაზით მოვა არსებულ გაჩიანის ხაზამდე და იქიდან არსებულ რკინიგზის ხაზზე რუსთავში გადაერთვება“ - განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავამდე მიწისზედა მეტროს კვლევის პროცესი ავსტრიულმა კომპანიამ სამი თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს, ხოლო დამატებით 11 თვე დეტალური პროექტის მომზადების ეტაპია. ბესიკ ტოგონიძე განმარტავს, რომ 2020 წელს პროექტირება დასრულდება და ამავე წლიდან მიწისზედა მეტროს მოწყობა დაიწყება.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაგეგმილია სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენება.

კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 90 მილიონი დოლარი დაჯდება.

პროექტის ფარგლებში, 8 ახალი სადგური აშენდება და მოემსახურება 200 000-ზე მეტ ადამიანს. გარდა ამისა, მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისისა და რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.