მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეფხვაძე ანტიდემპინგურ კანონზე: ერთია, რა წერია კანონში და მეორე - როგორ აღასრულებენ მას

5d1a2cd967351
დავით ჯალაღონია
02.07.19 10:15
1115
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ" კანონი მწარმოებლებს არაჯანსაღი, გარე ინტერვენციებისგან დაიცავს.

როგორც მან კანონპროექტის მიზნების შეფასებისას BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს დემპინგური ზღვარი, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, შიდა წარმოების დასაცავად დროებითი, ან სპეციალური ღონისძიებები გაატაროს.

რაც შეეხება კონკრეტულ დარგებს, ლევან ვეფხვაძემ განსაკუთრებით შაქრისა და ცემენტის წარმოება გამოარჩია, რომელთაც მისი აზრით, დემპინგისგან დაცვა სჭირდებათ.

"ჩვენი წევრი არის "აგარის შაქრის" ქარხანა, რომელიც იცით, რომ გარკვეული პერიოდი ითხოვდა დაცვას იმ პროდუქციისგან, რომლიც გარედან შემოდის და რომელიც ფასებს აგდებს. ჩვენი წევრები არ არიან ცემენტის მწარმოებლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ იქ პრობლემა იყო ის, რომ ირანში, სადაც გაზი იაფია, პროდუქციის წარმოებაც ძალიან იაფია, იქ წარმოებული ცემენტის იმპორტი კი პრობლემას ქმნის ადგილობრივი წარმოებისთვის და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია შიდა წარმოების დაცვა", - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეორადი კანონმდებლობის მექანიზმები იქნება.

"აქ საფიქრალია მეორადი კანონმდებლობა, ის სტანდარტები, რეგულაციები, რასაც მერე უკვე მიიღებს კანონიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა და რა ფორმით მოუწევს მუშაობა კონკურენციის სააგენტოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა, რადგან ერთია, კანონში რა წერია და მეორე - როგორ ხდება მისი აღსრულება", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", რის შემდეგაც მას უკვე საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

კანონპროექტის მიზანია, დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება.

კანონის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.