11.სექტემბერი .2019 23:20

ვალერი ჩეხერია: „რადიოქალაქში“ ახალი ინდუსტრიული ქალაქი მოეწყობა

views 1465
უკან

„რადიოქალაქის ტერიტორია შევიძინეთ და იქ იქნება ახალი ინდუსტრიული ქალაქი,“ - ამის შესახებ BM.GE-ის „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და „სითი ლოფტის” დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

როგორც ჩეხერია აღნიშნავს, ამ ეტაპზე სხვა სახის დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა განმარტავს, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის: „რადიოქალაქის“ პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში კომპანია “ინდუსტრიულმა ქალაქმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ თბილისის მერმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

შპს “ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი კი, ვალერი ჩეხერიაა.

თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს. “სითი ლოფტი” ამავდროულად ფლობს “აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის სასტუმრო „სტამბას“, „რუმსს“ და სხვა ობიექტებს.

ცნობისთვის: „რადიოქალაქის“ საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარი იყო. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს პროექტი არსებული კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციაში ცვლილება დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა 8 მლნ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა შეასრულოს. „რადიოქალაქი“ „რადიოქარხნის“ ყოფილ ტერიტორიაზე მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა