01.მარტი .2016 10:37

ვალდებულებები, რომელიც სესხის თავდებობის შემთხვევაში გეკისრებათ

views 3931
უკან

თავდებობა ეს არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას. შესაძლებელია ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც თავდებს სურს სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ვალდებულებებს.
 
დღესდღეობით თავდებობა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხშირად მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. პრობლემური სესხის შემთხვევაში კი ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

პირველ რიგში, როდესაც ვხდებით თავდები აუცილებელია სრულად გავეცნოთ ხელშეკრულებას და შემდეგ მოვაწეროთ ხელი. ყურადღება მიაქციეთ:

• სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს
• სესხის პროცენტს
• თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ვართ პასუხისმგებელი
• ვადაგადაცილების ჯარიმებს
• სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს

მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ თუ რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან. ამით თავიდან ავიცილებთ დამატებით პრობლემებს და გაურკვევლობას. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ საფინანსო ინსტიტუტს, სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რათა შეგვიმცირდეს ყოველთვიური შენატანი და თავიდან ავიცილოთ ჯარიმები. გაპრობლემებული სესხის შემთხვევაში შესაძლოა ბანკმა უჩივლოს მომხმარებელს და საქმე გადაეცეს სასამართლოს.

საზოგადოება და ბანკები

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა