მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა"

5ce3b8b19be64
თელარა გელანტია
21.05.19 12:36
1170
უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას პრემიეირს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთი ტიპის საწარმო იქნება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საწარმო, დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

„ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია „ეი სოლარი", რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის იმის გარანტი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ეროვნულ ეკონომიკაში.

„მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება აქ, ქუთაისში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკისა და განათლების სფეროს კავშირის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ორი მიმართულება, რომელიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, ეს არის განათლება და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლება და ეკონომიკა ეს არის ორი მიმართულება, რომელიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს და ავითარებდეს ერთმანეთს. მსგავსი საწარმოების გახსნით მჯერა, რომ სწორედ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და პირიქით, ჩვენ განათლების რეფორმის ფარგლებში შევძლებთ, რომ უფრო მეტი ინტერესი შევქმნათ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მსგავსი საწარმოები უფრო მეტი რაოდენობით გაიხსნას საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.