მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული ემბარგოს" შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაც არსებობს"

5d1260046219e
ელენე გოგბერაშვილი
25.06.19 22:30
2080
„ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაც არსებობს“ - როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, რუსეთი ბაზარს პირდაპირ არ კეტავს, თუმცა იმპორტის განხორციელებისას ხდება საბუთების გაფორმების დროს ბარიერების შექმნა.

ლევან სილაგავას თქმით, რუსეთში ბიზნესწრეებში, ვისთანაც ისინი თანამშრომლობენ, ეს საკითხი აქტიურად მუსირებს, შესაბამისად, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული რისკები ნამდვილად არსებობს.

„იმპორტის დროს საბუთები, რომელიც ეხება ხარისხობრივ მაჩვენებელს, ჩერდება რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ქვეყანას უკეთებენ დღენახევარში, პრობლემების დროს ეს გადადის 8 დღემდე. ამ მექანიზმით ჰქმნიან ბარიერს, ხდება დოკუმენტაციის გაფორმებისას პროცედურების გართულება. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს, საიდანაც მოგვაქვს ხორბალი. ამბობენ, რომ ეს საკითხი აქტიურად მუსირებს რუსეთში, ბიზნესაზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს ეს რისკები“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

კითხვაზე - უკვე წააწყდნენ თუ არა საბაჟოზე ხორბლის იმპორტის განხორციელებისას პროცედურულ ბარიერებს, სილაგავა პასუხობს, რომ ე.წ. ტურისტული ემბარგო სულ რაღაც 3 დღის თემაა, ამიტომ არსებობს მხოლოდ მოლოდინი, რომ ხორბლის იმპორტსაც შეექმნება პრობლემა.

საქართველოში ხორბლის იმპორტის 90% სწორედ რუსეთზე მოდის. პრობლემების შექმნის შემთხვევაში ქართული მხარისთვის ალტერნატიულ ბაზრებად ყაზახეთი, უკრაინა, რუმინეთი და უნგრეთი განიხილება.

„მარაგები გვაქვს. დეკემბერში, როცა კრიზისი იყო ტრეიდერებმა და წისქვილკომბინატებმა ვიმუშავეთ, რომ შეგვექმნა მარაგები. ახლა იწყება ხორბლის მოსავლის აღება ჩვენთან, რაც გვშველის, თუმცა ქართული ხორბალი მოხმარების მხოლოდ 7%-8% აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, ეს გარკვეული დროის განმავლობაში მოგვცემს საშუალებას ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

როგორც ლევან სილაგავა ამბობს, რუსული ხორბლის იმპორტზე შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე დარგი ეკონომიკის მინისტთან შეხვედრაზე მიმდინარე კვირის ბოლოს იმსჯელებს.

„ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ეკონომიკის მინისტრთან ჩანიშნული. გვინდა, ბაზრის დივერსიფიცირების თემა იყოს გააქტიურებული. ერთ სარისკო პარტნიორზე ჩამოკიდება რთულია. ამასთან ერთად, ღრმაწყლოვანი პორტი რომ იყოს, ჩვენ აშშ-დან შემოვიტანდით ხორბალს. იქიდან მინიმუმ 30 ტონიანი გემები მოდის და ჩვენი პორტი ამ გემებს ფიზიკურად ვერ ღებულობს. ანაკლიის პორტის ამუშავების შემთხვევაში ჩვენ გვექნება ასევე რუმინეთის პორტიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების შესაძლებლობა, ასევე შესაძლებლობა იმპორტი განვახორციელოთ ევროკავშირიდან“, -აცხადებს ლევან სილაგავა.