მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არცერთი რუსი ტურისტი არ შემოვა - გათვლები რადიკალური სცენარისთვის

5d10c6f978096
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.19 18:20
18819
რუსული ტურისტული ბაზარი, რომელზე დამოკიდებულებაც გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა, დღეს კრემლის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეიზღუდება - არხი, რომლითაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ყოველთვიურად 40,000 მგზავრი სარგებლობდა დაიხურება. 

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა მოამზადა მიმოხილვა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს იმ ჰიპოთეტურ შემთხვევას, თუ 2019 წლის 8 ივლისიდან, საქართველოში არცერთი რუსი ტურისტი არ შემოვა. ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას 2.1 მილიარდი ლარი დააკლდება. 

2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში სულ 539,432 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს მთლიანი ვიზიტების 21.6%-ს შეადგენდა. ამ ადამიანებიდან საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს დარჩა 429,179 ადამიანი, შესაბამისად, ტურისტებად სწორედ ისინი ითვლებიან, ეს კი მთლიანი ტურისტული ვიზიტების 25.9%-ს შეადგენდა. 

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელის შალვა ალავერდაშვილის გათვლებით, 2019 წლის განმავლობაში რუსი ტურისტების დანახრაჯი 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა, თუმცა თუ წლის ბოლომდე ვიზიტორთა ნაკადის შემოსვლა შეწყდება, ეს თანხა $750 მილიონით შემცირდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგნოზით კი, თუ 2019 წლის ბოლომდე არცერთი რუსი ვიზიტორი არ შემოვა საქართველოში, მაშინ ვიზიტორების რაოდენობა 2018 წელს არსებული 8.7 მილიონიდან 8.3 მილიონამდე შემცირდება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია. 

“რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი - საჰაერო ტრანსპორტით. 

2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში. 

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.