11.ივლისი .2019 13:07

TI: სახელმწიფო კომპანიების მოგება ფონდის ნაცვლად პირდაპირ ბიუჯეტში უნდა მიიმართოს

views 373
უკან

დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის კუთვნილი კომპანიებიდან მიღებული მოგება არა ფონდში, არამედ პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართებოდეს. 

არსებული მდგომარეობით, ფონდი მოგების ნაცვლად ზარალზეა. 2017 წლის კონსოლიდირებული მაჩვენებლებით, ზარალმა 482 მილიონი ლარი შეადგინა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა - 633 მლნ ლარმა განაპირობა.

2017 წელს ფონდმა მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს - 12.7 მლნ ლარი. ფონდი დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ ფონდის შემოსავალი არასტაბილურია, რის გამოც მნიშვნელოვანია რომ ფონდის დაფინანსების სისტემა შეიცვალოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მთავრობას აძლევს რეკომენდაციას შეიცვალოს ფონდის დაფინანსების სტრუქტურა და ის ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადაერთოს.

"საპარტნიორო ფონდის. სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის, საჭიროა მისი დაფინანსება მდგრადი და პროგნოზირებადი იყოს. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, „ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეულ ზღვრებში მას გამოეყოს ფიქსირებული დაფინანსება. სახელმწიფო კომპანიების მოგება კი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართოს.

რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას. გაიზრდება ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა,"- ნათქვამია გამჭვირვალობის ანგარიშში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც TI საქართველო ამახვილებს ყურადღებას არის გამჭვრივალობის ნაკლებობა, რაც ინტერესთა კონფლიქტისა და კოურფციის რისკებს წარმოშობს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი უშუალოდ ქართული ოცნების დეპუტატის ილია წულაიას მიერ დაფუძნებული კომპანიაა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა