25.მარტი .2016 15:47

თებერვალში, ლარში გაცემული სესხები 27.4 მილიონით შემცირდა, უცხოურ ვალუტაში 50.2 მლნ ლარით გაიზარდა

views 1132
უკან

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მარტისათვის 14.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 73.8 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით).
 
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 35.5 მლნ ლარით ანუ 0.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 38.3 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 28.21 პროცენტი შეადგინა - პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით 0.45 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.41 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 22.8 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და 2016 წლის პირველი მარტისათვის 16.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 27.4 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 50.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.3 პროცენტი შეადგინა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.6 მლრდ ლარის (7.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 7.5 პროცენტით მეტი).

2016 წლის თებერვლის განმავლობაში 0.4 პროცენტით ანუ 35.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 8.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.01 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა