14.აგვისტო .2019 20:25

თბილისში ჰოლივუდური ბლოგბასტერის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება

views 601
უკან

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.

საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

„Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ.

„მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ და მალე საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება დაიწყება. ჩვენ მოვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული „cash back“ პროგრამა შევთავაზეთ.

ჩვენი მზაობა, დავხმარებოდით და სწრაფად გაგვევლო პროცესები, გადამწყვეტი იყო ამ პროექტის საქართველოში განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ფილმის („ფორსაჟი 9“) მოზიდვას ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის („ენკენი ფილმს FF9“) ძალიან დიდი ჩართულობა სჭირდებოდა, რამაც თანაბარი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ამ პროექტის გადაღებები საქართველოში განხორციელებულიყო.“ - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა