მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საზ.ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 1 ლარამდე გაიზარდოს

5d38082fd3989
BM.GE
24.07.19 11:22
10570
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა.

თუმცა, როგორც აბესაძემ აღნიშნა, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე განმარტებით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან.

„მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. ქეშით მგზავრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.


მისივე თქმით, საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს.


„თავდაპირველი მგზავრობიდან საათნახევრის შემდეგ, მგზავრობის საფასური საწყის თანხას დაუბრუნდება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ბილეთი გაქვთ ნაყიდი. თუ ნაყიდი გექნებათ ხანგრძლივვადიანი ბარათი, რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ იმგზავრებთ. გავლების რაოდენობა არ დაფიქსირდება. მხოლოდ ბარათი იქნება ვადიანი“, - განაცხადა აბესაძემ.

რაც შეეხება გრძელვადიან ბარათებს მისივე თქმით, ბარათები შეიძლება იყოს ერთჯერადი მგზავრობის, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი.

„ერთწლიანი ბარათის საფასური, ალბათ, იქნება ყოველდღიურ მგზავრობაზე გადანაწილებული ყველაზე იაფად ღირებული ბარათი. ყველაზე ძვირი ეღირება ერთჯერადი გავლა. დანარჩენი გავლებიდან გამომდინარე, რაც უფრო ბევრ დღეზე გადაიხდი, უფრო დაბალი ტარიფი შეგხვდება. თუმცა ქვედა ზღვარი დაწესდება“, - აღნიშნა აბესაძემ.