19.აპრილი .2016 17:46

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში დასრულდება

views 1347
უკან

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში უნდა დასრულდეს.

სამიმოსვლო ბილიკის 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგებულია 22 მეტრის სიგანის, ასფალტის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა;

სამიმოსვლო ბილიკის „ჩარლის“ დანარჩენ მონაკვეთზე მიმდინარეობს არსებული საფარის მოფრეზვის და მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება დანარჩენ მონაკვეთზე ასფალტის გადაგება.

ასაფრენ/დასაფრენი ზოლის 13R კურსით დაგებულია 560 მეტრი სიგრძის და 60 მეტრის სიგანის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა.

ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ორივე მხარეზე (13R კურსით) მოეწყო საჰაერო ხომალდების მოსაბრუნებელი ადგილები.

აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა