11.სექტემბერი .2019 12:35

TBC Research - სამშენებლო და სასესხო რეგულაციები სავარაუდოდ, FDI-ის შემცირების მიზეზები იყო

views 507
უკან

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით, $187 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 53.7%-ით ნაკლები იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირება არაერთ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკას (მინუს 37%), მშენებლობას (მინუს 91%), ტრანსპორტს და კავშირგაბმულობას (მინუს 73%) და სხვა დარგებს შეეხო.

TBC Research-მა აღნიშნულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს შემცირება პროგნოზირებულზე მაღალი იყო, ხოლო ცალკეული მიმართულებებით, განსაკუთრებით კი, არასაბანკო საფინანსო სექტორში FDI-ის კლება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებას მოჰყვა.

“FDI-ის შემცირება საფინანსო, განსაკუთრებით არასაბანკო საფინანსო სფეროსა და უძრავი ქონების სექტორებში, სავარაუდოდ, გამოწვეულია კრედიტებისა და სამშენებლო ნებართვების გაცემის რეგულაციების გამკაცრებით. იმის მიუხედავად, რომ სამშენებლო სექტორში FDI-ის შემცირება ნეგატიურ მოვლენად ფასდება, ინვესტიციების კლება, რაც ძირითადად სამომხმარებლო სესხების გამცემ არასაბანკო ინსტიტუტებს უკავშირდება - უნდა აღვიქვათ როგორც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედების აუციელებელ თანმდევ ნაწილად. მათ შორის ამის ერთ-ერთი მიზეზი სესხების საპროცენტო განაკვეთზე 50%-იანი ლიმიტის დაწესება იყო, რაც ჩვენი აზრით, პოზიტიური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. ამასთანავე, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სავარაუდოდ, გაიზრდება, რაც აღნიშნული სექტორის სიმყარით იქნება გამოწვეული", - ნათქვამია მიმოხილვაში.

TBC Research-ი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7%-ს შეადგენდა. ორგანიზაციის შეფასებით, წლიურ ჭრილში FDI-ის შემცირება დაახლოებით, 30%-ის ტოლფასი იქნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ინვესტიციების შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. საქსტატი ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა