13.აპრილი .2016 10:03

სოლოლაკში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი ცხადდება

views 1575
უკან

შალვა დადიანის ქ. N34/17 და N32-ში მდებარე უძველესი ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 1 640 570 ლარს შეადგენს.
 
შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ, შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას.

როგორც თბილისის განვითარების ფონდში განმარტავენ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, შალვა დადიანის ქ. N34/17 -ში მდებარე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი „icomos საქართველოს“ მიერ შექმნა.

XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სახლი, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია და ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, ისტორიული შენობა ძველი პროექტის მიხედვით აღდგება.

თბილისის განვითარების ფონდმა ორივე შენობის სარეაბილიტაციო- სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.