მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

5d062da3dbece
ელენე გოგბერაშვილი
16.06.19 17:10
1592
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, უნდა ჩამოყალიბდეს მიწის მართვის სააგენტო, რომელმაც მიწის მდგრადი მართვის საკითხები უნდა გადაწყვიტოს.

როგორც კანონპროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, კომიტეტში მეორე მოსმენის დროს მიიღეს გადაწყვეტილება სააგენტო არა - ცალკე სტრუქტურად, არამედ არსებული სააგენტოს ბაზაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე, მისი რეორგანიზების შედეგად ჩამოყალიბდეს.

„ჩამოვყალიბდით, რომ იქნება სააგენტო, თუმცა სავარაუდოდ, ეს არ იქნება ახალი, რომელიმე არსებული სააგენტოს ბაზაზე იქნება, რადგან მნიშვნელოვანია ფოკუსირებლად ერთი მიმართულებით გვქონდეს ამ სააგენტოს სპეციალიზაცია, რათა სხვა ფუნქციები არ ჰქონდეს, იყოს მიწის რაციონალურად გამოყენება, მართვა, მონიტორინგი და ა.შ.
მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში სანქციების ნაწილი მეთოდოლოგიურად შემუშავდება სააგენტოს მიერ. კანონში დარჩა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ მიწის 1 წელიწადში გასხვისების ვალდებულებას. დანარჩენი იქნება აღმასრულებელი რგოლის ფუნქცია“, -განმარტა ოთარ დანელიამ.

ორგანული კანონპროექტის რიგი მუხლები მისი მიღებიდან შედის ძალაში, ნაწილი კი, მათ შორის სანქციების ამოქმედება, 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული.
მიწის მართვის სააგენტოს ფინქციონირებისთვის, რაც კანონის პროექტით გათვალისწინებულია 2020 წლის 1 მარტიდან, გამოიწვევს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემდეგი წლების ბიუჯეტის ზრდას. თუ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2019 წლის ბიუჯეტი 6 542 000 ლარი იყო, პროექტის მიხედვით, უწყების 2020-2021 წლების სავარაუდო ბიუჯეტი 7 800 000 ლარი იქნება.

სააგენტოს დაფინანსების ერთ-ერთი წყარო მის მიერ მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირმა უნდა უზრუნველყოს მიწის გასხვისება. გაუსხვისებლობის შემთხვევაში, მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილია მისი პრივატიზაცია მოახდინოს.