10.აპრილი .2016 12:47

სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციისთვის 170 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი

views 986
უკან

პრეზიდენტის ინიციატივით ყველა სოფლის ბიბლიოთეკაში ინტერნეტით სარგებლობა უნდა იყოს შესაძლებელი. რამდენ ბიბლიოეთეკას მოიცავს პროექტი, რომელ სოფლებში შევიდა უკვე ინტერნეტი და რომელი სოფლებია რიგში, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჟურული საუბრობს.

- ბატონო გიორგი, იდეა საიდან გაჩნდა და რატომ ბიბლიოთეკა?

- იდეა 2014 წელს დაიბადა, სოფლების 600-ზე მეტ ბიბლიოთეკაში წიგნების განახლება მოხდა. ეს სერიოზული ნაბიჯი იყო იმ თვალსაზრისით, რომ სოფლებში მოზარდებს საშუალება მიეცათ ახალი ლიტერატურით და წიგნებით ესარგებლათ.

მოგეხსენებათ, ჩვენ საინფორმაციო ერაში და ძალიან დინამიურ გარემოში ვცხოვრობთ, შესაბამისად ბიბლიოთეკების დანიშნულებაც გარკვეულწილად უნდა შეიცვალოს. სურვილი უნდა გვქონდეს, რომ ბიბლიოთეკების ფუნქციონალური დატვირთვა გაიზარდოს არა მარტო როგორც წიგნების შენახვის ადგილის, არამედ საინფორმაციო, ინტერნეტის, ახალი ტექნოლოგიების კუთხით.

- საიდან ფინანსდება და რა ჯდება პროექტი?

- პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, განმახორციელებელია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. თითქმის ყველა სოფლის ბიბლიოთეკაა გაწევრიანებული ამ ასოციაციაში და მათი მეშვეობით ხორცილდება პროექტი. საპილოტე პროექტი 2015 წელს განხორციელდა, რომელმაც კახეთის რეგიონი მოიცვა და გამოყოფილი იყო 99 000 ლარი. ახლა მეორე ეტაპი ხორციელდება, რომელიც მთელ საქართვლოს ეხება და სარეზერვო ფონდიდან 170 000 ლარამდე დაფინანსება ხდება.

- პროექტის საბოლოო მიზანი რა არის? რას ელოდებით, როდესაც სრულად მოხდება ინტერნეტიზაცია იმ სოფლებისა და ბიბლიოთეკების რომლებიც შერჩეულია?

- ძალიან საინტერესო მოვლენები დაიწყო დახურული ბიბლიოთეკებიც კი გაიხსნა იმისთვის რომ პროგრამაში ჩართულიყვნენ. ადგილობრივმა მმართველობამ დაიწყო ამ თემებზე ზრუნვა, ბიბლიოთეკების გარემონტება-აღდგენა. ჩვენი ფონდი მხოლოდ ბიბლიოთეკებში ტექნიკის შეტანას აფინანსებს. ბიბლიოთეკების მოვლა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხია და ისინი ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ თემაში. პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია და უცხოელი ექსპერტები არიან ჩართული. საინტერესო ერთობა შეიქმნა, რომელიც სოფლებში ახალ კულტურულ საინფორმაციო კერებს ქმნის და რაც მთავარია, ადამიანებს საშუალება ეძლევათ გააფართოვონ თავიანთი თვალსაწიერი, საზოგადოებაში გამოვიდნენ, თავიანთი შეხედულებები გამოიტანონ და ახალ მიმდინარეობებს გაეცნონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა