24.აგვისტო .2019 13:50

შსს: სოფელ საყავრეს ტყეში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება, ახალსოფელთან ხანძარს ისევ აქრობენ

views 152
უკან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, განაგრძობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება. ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია.

„დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.

მხედველობის არეალის აღდგენისთანავე, დღეს, დილიდან, დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომელიც პროცესების დაჩქარებული წესით წარმართვაში მეხანძრე-მაშველებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განმარტავენ უწყებაში.

რაც შეეხება ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ტყეში გაჩენილ ხანძარს, როგორც შსს განმარტავს, ამ დროისთვის ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარსა და ბუჩქებზე.

„რთული რელიეფის გამო, კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს და ასევე ჩართულია ავიაცია. ცეცხლის ქრობაში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.

ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს“, – განმარტავენ უწყებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა