01.მარტი .2016 15:45

შშმ პირებით დასაქმებულ სათბურში მოყვანილი მარწყვი თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა

views 3360
უკან

შშმ პირების მიერ მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა. სათბური, რომელიც გასული წლიდან მოქმედებს, მერიის დაფინანსებით სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრმა "აისი" შექმნა.
 
როგორც "საქმიან დილასთან" ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭინჭარაულმა განაცხადა, სოციალურ საწარმოში, 8 ბენეფიციარია დასაქმებული. "ბენეფიციარები პერიოდულად იცვლებიან. ამ ეტაპზე მათი ძირითადი საქმიანობა, მარწყვის მოკრეფა და დაფასოვებაა. სათბური ავჭალაში, 9 000 კვადრატულ ეზოში მდებარეობს".
 
"აისის" ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი ამ ეტაპზე "გუდვილის" დიღმის ქსელში იყიდება, პროდუქტი ეტაპობრივად სხვა ქსელებშიც გავრცელდება.

"ჩვენი ორგანიზაცია 2002 წელს ბენეფიციარების მშობლებმა დააფუძნეს. ამ ეტაპზე 60-მდე ბენეფიციარი გვყავს, რომელთა 50 პროცენტი 18 წლის და მეტი ასაკისაა. სოციალური საწარმოები იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბენეფიციარებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდეთ. იმის გამო, რომ საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები არ მუშაობენ, იმის ილუზია არც გვქონია, რომ ამ ადამიანების გარე დასაქმებას შევძლებდით. ამიტომაც ამის კეთება შიდა ბაზარზე დავიწყეთ. შევქმენით სოციალური საწარმოები და შშმ პირები დავასაქმეთ.

2015 წლის მაისში მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურმა სათბურის პროექტი დაგვიფინანსა. ამ ამბავში ყველაზე განსაკუთრებული ის იყო, რომ წესით დონორები ინფრასტრუქტურას აფინანსებენ, ამ შემთხვევაში ტრენინგების ნაწილიც დაფინანსდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის", - აცხადებს ნინო ჭინჭარაული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა