მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, 14 მაისი "სამშობლოს დღედ" გამოცხადდეს, 8 მარტი კი, უქმე აღარ იყოს

5d08e93465644
შოთა ტყეშელაშვილი
18.06.19 19:25
3054
შესაძლოა, მომდევნო წლიდან საქართველოში 8 მარტმა დასვენების დღის სტატუსი დაკარგოს; შესაბამის ცვლილებას "ქართული ოცნების" დეპუტატის ნუკრი ქანთარიას კანონპროექტი ითვალისწინებს.

დეპუტატის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი ეროვნული დღესასწაული - “სამშობლოს დღე” უნდა დაწესდეს და ის 14 მაისს აღინიშნოს. ქანთარიას კანონპროექტის განმარტებით ბარათში ისიც არის ნათქვამი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი დღესასწაულის აღნიშვნა დაახლოებით, 300,000 ლარი დაჯდება.

ქანთარიას თქმით, იმის, გამო, რომ ქვეყანაში დასვენების დღეების რაოდენობამ არსებულ 15-ს არ გადააჭარბოს, მიზანშეწონილია, რომ სანაცვლოდ გაუქმდეს 8 მარტის ოფიციალური დასვენების სტატუსი.

ნუკრი ქანთარიას აზრით, ახალი დასვენების დღე ეროვნულ კონსოლიდაციას გაზრდის, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში დაეხმარება:

“კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა, მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთებაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში აუცილებელია ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია თამარ მეფის ხსენების დღის - 14 მაისის - სამშობლოს დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და ქართული ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. ეს დღე უნდა იყოს განზოგადება ჩვენ მიერ მიღწეული წარმატებებისა. ამავე დროს, ყოველ წელს წინა პლანზე უნდა გამოვიდეს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი გამარჯვებებიდან, რათა მომავალმა თაობებმა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო,” - წერია ნუკრი ქანთარიას ინიციატივის განმარტებით ბარათში.

ინიციატივა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს. სხდომის შემდეგ ჩატარებულ კენჭისყრაზე ნუკრი ქანთარიას ინიციატივას მხარი მხოლოდ ერთმა დამსწრე დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ დაუჭირა. მიქელაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, 8 მარტის გაუქმება საჭირო არ არის და თავისუფლად შეიძლება, რომ ორივე დასვენების დღე თანაარსებობდეს.