20.აგვისტო .2019 21:05

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა - რუსული რუბლით ვაჭრობის ფაქტები დადასტურდა

views 379
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, როემლსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ბოლო დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე რიგ სავაჭრო ობიექტებში უცხოური ვალუტით მომსახურების გაწევის თაობაზე და საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 84 ფაქტი.

რაც შეეხება ,,გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“ ifact.ge -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობის ფაქტს - აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის, როგორც მტკიცებულების, (გადაღებული ვიდეო მასალა) გათვალისწინებით, ამასთან, გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ოფიცრების მიერ, ნატახტარი-გუდაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა მოკვლევა. კერძოდ, გადამხდელთა მიმართ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები რის შედეგად, სააგენტოს მიერ მოწოდებული სამართალდარღვევის ფაქტები დადასტურდა.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 20 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 7 შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით მათ შეეფარდათ გაფრთხილება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან”, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა