მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების ზრდის ტემპს FITCH-ი რისკად ასახელებს, ბანკებს რეიტინგის პერსპექტივა შეუმცირდათ

5cb82d1e4f7ea
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.19 12:10
1046
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს უმსხვილესი ბანკების - "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი განაახლა. ორივე ბანკს სააგენტომ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) "BB მინუსის" დონეზე შეუნარჩუნა, თუმცა რეიტინგის პერსპექტივა შეამცირა და ის ახლა "პოზიტიურის" ნაცვლად "სტაბილურს" შეადგენს.

რეიტინგის პერსპექტივის გაუარესებას Fitch-ი მიზეზთა ერთობლიობით ხსნის. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ოპერირება კვლავ მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. მათგან Fitch-ი სესხების ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ჯერ კიდევ მაღალ სავალუტო სესხებს გამოყოფს.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ეს ბანკები მყარი ფინანსური შედეგით გამოირჩევიან, მათ აქვთ კაპიტალის ადეკვატური მოცულობა და ლიკვიდობის შესაბამისი მაჩვენებლები.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართული კომერციული ბანკების საგარეო ვალდებულებები $6.1 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებთან – $3.3 მილიარდთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია.

Fitch-ის შეფასებით, უმსხვილესი ქართული ბანკებისთვის სავალუტო სესხების პორტფელის ზრდა პოტენციურ რისკს წარმოადგენს, კონკრეტულად კი საუბარია უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის მაღალ ტემპზე.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამ რისკის შეზღუდვის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების გაცემაზე შეზღუდვა დააწესა. კონკრეტულად კი 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზარდა მინიმალური მოცულობა იმ თანხისა, რაც სავალუტო სესხის სახით შეიძლება გაიცეს.

Fitch-მა სხვა ქართული ბანკებიც შეაფასა. სააგენტომ "ლიბერთი ბანკის" გრძელვადიანი რეიტინგი "B+" დონეზე, ხოლო "პროკრედიტ ბანკის" კი "BB+" დონეზე, პროგნოზით "სტაბილური" დაადასტურა.

Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ქართული ბანკებისადმი და პროგნოზი შემდეგნაირია:

"პროკრედიტ ბანკი": BB+; სტაბილური
"ქართუ": B; სტაბილური
"ბაზისბანკი": B+; სტაბილური
"ჰალიკ ბანკი": BB-; პოზიტიური
"ლიბერთი ბანკი": B+; სტაბილური
"საქართველოს ბანკი": BB-; სტაბილური
TBC: BB-; სტაბილური
ბანკების საკრედიტო რეიტინგები მათ ფინანსურ მდგრადობასთან ერთად, დაკავშირებულია როგორც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან, ასევე მათი მფლობელი კომპანიის რეიტინგთან.

Fitch–ი საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.