18.ივნისი.2019 18:10
ეკონომიკა, საზოგადოება

სერგეენკოს 7 წელი

სერგეენკოს 7 წელი
კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინიტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა. დღეს მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

საყოველთაო ჯანდაცვა

2012 წელს "ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება მოსახლეობისთვის ახალი ერთი “გადამხდელის პრინციპზე” მომუშავე ჯანდაცვის სისტემის დანერგვა იყო. ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა, რის გამოც, მისკენ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართა. ცვლილებას მოქალაქეთა ე.წ. “კატასტროფული დანახარჯები” უნდა დაეფარა და მოეცვა ყველა, ვისაც კერძო სადაზღვევო პაკეტი არ ჰქონდა.

სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვა იყო დავით სერგეენკოს მინისტრობის ყველაზე მთავარი რეფორმა. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ 2013 წლის 21 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება განისაზღვრა. პროგრამის შედეგად, მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად დარჩა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი.

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას თან ბიუჯეტის მხრიდან გაზრდილი ხარჯვა მოჰყვა. საყოველთაო ჯანდაცვა თითქმის ყოველწლიურად იმაზე უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, რის გამოც, მთავრობამ 2017 წლის 9 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც დაახლოებით, 150,000 ადამიანი პროგრამიდან ამოვიდა. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვა აღარ წარმოადგენს საყოველთაო მოცვის მქონე ჯანდაცვის სისტემას. კიდევ ერთ პრობლემას სისტემაში სამედიცინო დაწესებულებათა მხრიდან ხარჯების ხელოვნური ზრდა წარმოადგენდა, რის გამოც სამინისტრომ მათზე სპეციალური სანქციების დაკისრება დაიწყო.

2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვას მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის მთავრობამ 100 მილიონი ლარი დაუმატა. 2016 წელს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მას ჯერ - 35, შემდეგ კი, 18 მილიონი ლარი დაუმატა. გადახარჯვა განმეორდა 2017 და 2018 წლებშიც. შარშან პროგრამის ფაქტობრივმა ხარჯმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის ბიუჯეტით კი, ის 754 მილიონ ლარზეა დაგეგმილი - ეს უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი.

დღეს ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარ შემადგენლობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციებსაც აერთიანებს, გაერთიანებული სამინისტროს ასიგნებები კი 3.9 მილიარდ ლარს აჭარბებს. ეს ქვეყნის 12-მილიარდიანი ბიუჯეტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს.

C ჰეპატიტის ელიმინაცია

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, მოსახლეობის 7.7%-ს აქვს ეს ვირუსი.

სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

პროგრამის დაწყებიდან, ანუ 2015 წლიდან, საქართველომ ამერიკული მხარისგან უსასყიდლოდ რამდენიმე მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების მედიკამენტები მიიღო. პროგრამაში მკურნალობა 55,000-მა ადამიანმა დაასრულა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.

თუმცა, 2018 წელს პროგრამაში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, ეს ახალ პაციენტთა დაბალი მიმართვიანობა იყო. იმისთვის, რათა ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 ახალი პაციენტი უნდა ჩართულიყო ამ პროგრამაში. თუმცა, ახალ პაციენტთა ჩართვა ამაზე თითქმის სამჯერ ნაკლები იყო.

ამ შეფერხების გამო ძვირადღირებული მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.

მას შემდეგ, სამინისტრომ საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მიმართვიანობის ზრდის მიზნით, სკრინინგის ღირებულება შეამცირა.

უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს

BMG-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზად ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთათვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის წარუმატებლობა სახელდება.

პროგრამა, რომელიც 2017 წელს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შეიქმნა, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მასში წინასწარ გაცხადებულზე ბევრად ნაკლები ადამიანი ჩაერთო. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც ბიუჯეტით დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა.

"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას.

პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ  პირებზეც გავრცელდა.

2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, 2019 წლის მაისის განმავლობაში კი ბენეფიციართა რაოდენობა, რომელთაც ფაქტობრივად შეიძინეს თანადაფინანსებული მედიკამენტი, 30,837 იყო, იმის მიუხედავად, რომ ბენეფიციართა პოტენციური რაოდენობა დღეს 800,000-ს აღემატება (პენსიონერთა რაოდენობა, შშმ პირების რაოდენობა).

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. "ფაქტჩეკის" ინფორმაციით, წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2019 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გადახდა 1 მილიონ ლარამდეა.

ცნობისთვის: მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს წასვლის შემდეგ, "ქართული ოცნების" ყველაზე სტაჟიანი მინისტრი თეა წულუკიანია; სხვა სამინისტროების ხელმძღვანელები გასული წლების განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შეიცვალნენ.

დავით სერგეენკო მინისტრის პორტფელს დაემშვიდობა, მაგრამ "ქართული ოცნების" გუნდში რჩება და მუშაობას პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

20.ივლისი.2019 13:31
80

1,5 მლნ ლარის ინვესტიცია - შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

ვრცლად
20.ივლისი.2019 13:15
167

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
97

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
104

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
404

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
120

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად