22.მარტი .2016 18:04

სექტემბერში თბილისში, საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

views 996
უკან

საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება, - შეთანხმება საქართველოსა და ბელარუსის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა.
 
ბელარუსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა აღნიშნა, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც არასაკმარისია.

"ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 200 მილიონ აშშ დოლარამდე გავზარდოთ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის. იქამდე კი, ჩვენ ამისთვის აუცილებლად მივიჩნევთ წარმოების განვითარებას და თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით",- განაცხადა ანდრეი კობიაკოვმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში. პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას; გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

"ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა დაგეგმილია 2016 წელს, თბილისში. კომისიის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის: სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებისათვის საინტერესო საკითხები და დავსახეთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობის განმტკიცების გზები", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუს კოლეგას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას და აბრეშუმის გზის ინიციატივას; დაისახა ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები.
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა