მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის წინასწარი რიცხვები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი-TBC-ის მთავარი ეკონომისტი ტურიზმიდან შემოსავლებზე

5d59c1429cdc3
შოთა ტყეშელაშვილი
19.08.19 17:20
1990
რამდენიმე დღის წინ TBC Research-მა გამოაქვეყნა საკუთარი შეფასება იმის შესახებ თუ როგორი იქნებოდა ივლისის თვეში საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავლების შემცირება.

ორგანიზაცია საკუთარ შეფასებაში დაეყრდნო ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, ივლისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა და მან 1,099,474 შეადგინა, რუსეთის მხრიდან ვიზიტორთა ნაკადის შემცირება კი, 6.4%-ს შეადგენდა, ხოლო ჯამურად ქვეყანაში 159,063 ვიზიტორი შემოვიდა.

TBC Research-ის პროგნოზით, აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ივლისში მაქსიმუმ $20 მილიონით შეიძლება შემცირებულიყო. თუმცა, სებ-ის მიერ15 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში ტურისტული სექტორის შემოსავალი $374.7 მილიონს შეადგენდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $57.8 მილიონით, (13.3%-ით) ნაკლები იყო.

ამავდროულად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახლებულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში 2019 წლის მეორე კვარტლის ტურისტული შემოსავლების რიცხვების გადახედვაც გააკეთა და აღნიშნული სტატისტიკა კლების მიმართულებით დააკორექტირა.

BMG საქართველოს ეროვნულ ბანკს განახლებული სტატისტიკის შესახებ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ისინი სტატისტიკის გადახედვას მუდმივად ახდენენ და მეორე კვარტლის რიცხვებიც შესაბამისად შეიცვალა. ამასთანავე, სებ-ში განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან ტურისტული ნაკადის შემცირება წინა წელთან შედარებით $44 მილიონს, ხოლო ირანიდან კი, $25 მილიონს შეადგენდა, რაც ჯამში, $69 მილიონიან შემცირებას ნიშნავდა, თუმცა აღნიშნული შემცირება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან არსებულმა ზრდამ დააბალანსა და საბოლოოდ, შემოსავლების კლებამ $57 მილიონი შეადგინა.

ამასთანავე, სებ-ში განაცხადეს, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შემოსავლების შემცირების მიმართულებით იმოქმედა, ლარის გაუფასურება იყო, რადგანაც თუ 2018 წლის ივლისში ერთი დოლარი 2.44 ლარი ღირდა, ახლა ის 2.92 ლარი ღირს, ამ სხვაობის გამო კი, წარსულში ერთი და იგივე მომსახურებისა და პროდუქციის შესაძენად უფრო მეტი დოლარი იყო საჭირო ვიდრე დღეს, ეს კი დოლარში გამოსახული ხარჯების შემცირებას იწვევს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებზე კომენტირებისას “თიბისის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ვიზიტორების შემცირებას, შემოსავლების კლებაზე ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა მათი წინასწარი შეფასებით, არ უნდა მოეხდინა. ნადარიას თქმით, მათი პროგნოზით, რუს ვიზიტორებზე მეტად, აღნიშნულ შემცირებაში ირანის მხრიდან არსებულ ვარდნას უნდა ჰქონოდა გავლენა.

“ჩვენ არ ველოდით ამ მასშტაბის შემცირებას, აქ გასათვალისწინებელია, რომ სებ-მა არამარტო ივლისი გამოაქვეყნა, არამედ მეორე კვარტლის შემოსავლებიც, წინასწარი რიცხვები, რაც იყო, ის მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. მაგალითად, ივნისის თვის ტურიზმის ზრდის ტემპი რომ ავიღოთ, მანამდე იყო 16% წლიური ზრდა აშშ დოლარში და ახლა არის მითითებული 4.5%. რეალურად, გადახედვა მოხდა არამარტო ივლისის, არამედ მთელი წინა პერიოდის.

საკურსო ეფექტი არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ვიზიტორების მიერ დახარჯული დოლარის მსყიდველუნარიანობა წინა წელთან შედარებით განსხვავებულია.
როგორც ჩანს, მთელს წინა პერიოდში ეს საკურსო ეფექტი, რის გამოც, დოლარში საქართველოში დასვენება გაიაფდა, არ იყო გათვალისწინებული. ისიც უნდა ითქვას ობიექტურად, რომ როდესაც წელიწადში თითქმის 9 მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოს საზღვარს, ძალიან ძნელია ასე ზუსტად მათი ხარჯების დათვლა, მაგრამ ჩვენი შეფასება ეფუძნებოდა იმ დაშვებას, რომ წინა პერიოდების მაჩვენებლები არ გადაიხედებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისად, პირველი კვარტალიც გადაიხედოს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მეორე კვარტალში ჩვენ ყველა ვამბობდით, რომ “ტურიზმის ბუმია და მათ შორის ეს რუსეთიდან გაზრდილ ნაკადს უკავშირდებოდა”, ირკვევა, რომ ასეთი დიდი ზრდა არ გვქონია. ეს იმ მასშტაბის ცვლილებაა, რასაც შეიძლება ეწოდოს, რომ კომპლექსურად გადაიხედა მთელი მეთოდოლოგია და არა მარტო ივლისის მაჩვენებლები. ასევე, მოგეხსენებათ აქ ბევრი კომპონენტია, არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვრებს, ვიზიტორთა შორის არიან ბავშვებიც და სხვა. ასევე საუბარია შემოსავლისა და გასვლის სტატიტიკის განსხვავებებზე. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკურსო ეფექტის გარდა, ყველაფერი ეს გავითვალისწინეთ.

ჩვენი შეფასების შედეგად, ირანის მხრიდან ტურისტული შემოსავლების კლება გამოგვივიდა რუსეთზე უფრო დიდი. ჩვენ რაც დავთვალეთ ყველაზე ნეგატიური სცენარი, რომლითაც $20 მილიონი იყო დანაკლისი, აქ ირანს უფრო მეტი შემცირება ჰქონდა თანხობრივად, ვიდრე - რუსეთს. ახლა კი, როგორც აღნიშნეთ რუსეთს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე - ირანს, რაც მართალი გითხრათ, არ ვიცი, რატომ გამოდის, რადგანაც ვიზიტორების რაოდენობას თუ შევხედავთ, მათი რაოდენობა ირანიდან უფრო შემცირდა. თუმცა, არის მეთოდოლოგიური განსხვავებები, სხვაობა გასვლისა და შემოსვლის სტატისტიკას შორის და განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან.
ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ უახლოს მომავალში განვაახლებთ პროგნოზებს. რაც ახლა შემიძლია ისევ დაგიდასტუროთ, რომ ივლისი-აგვისტოს კვირების მიხედვით არსებული ინფორმაცია ცალსახად გაუმჯობესებას აჩვენებს, როგორც - რაოდენობის, ასევე უფრო მეტად შემოსავლების კუთხით, რადგანაც ზრდა უფრო მეტად შედარებით მაღალი დანახარჯების მქონე ქვეყნებიდან ფიქსირდება. რამდენია ეს გაუმჯობესება ზუსტად დოლარში, ევროსა და ლარში გამოხატვით? მოდით ცოტა დროს ავიღებ ამის შეფასასებლად, ახალი გარემოებების გათვალისწინებით”, - ამბობს ნადარაია.

ასევე, ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ „ზოგადად მნიშვნელოვანი საკითხია ლარის გაუფასურების შედეგად დოლარში გამოხატული ხარჯების მკვეთრი კლება.

“ზუსტად ახლა თქმა რთულია, დამოკიდებულია უფრო მეტი დეტალის გაანალიზებაზე, თუმცა ეს ლარის გაუფასურების პოზიტივის საკმაოდ ძლიერი საწინააღმდეგო არგუმენტი შეიძლება იყოს, არაერთ სხვა პოზიტივსა და ნეგატივთან ერთად“, - აღნიშნა მან.