მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ADB-ის მიერ ლარის ობლიგაციების გამოშვებას მიესალმება

5d302e85e123e
BM.GE
18.07.19 12:26
1005
საქართველოს ეროვნული ბანკი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას დადებით მოვლენად აფასებს. სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ განვითარებას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ADB-იმ 60 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა ქართულ ბაზარზე. 

"აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები კერძო განთავსებით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუშვა, ხოლო ამჯერად, უკვე საჯარო შეთავაზებით, 2 ახალი სასესხო ფასიანი ქაღალდი, სამი და ხუთწლიანი ვადიანობის, 30-30 მლნ. ლარის ნომინალით გამოუშვა.

ამ გამოშვების სიახლე იყო ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ანგარიშსწორება განხორციელდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების განახლებული სისტემის (GSSS) მეშვეობით. ეროვნული ბანკი ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორია, ხოლო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტორი (GCSD) კი ამ ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარია. აღსანიშნავია, რომ ADB-ის ახალი ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც განთავსდება.

2018 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა (GSSS) დანერგა, რომელიც, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემასთან ერთად, ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების ძირითადი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა. GSSS სისტემის დანერგვით ეროვნულმა ბანკმა, კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ბაზარზე ლარით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ სახსრებს სხვადასხვა პროექტების ლარით დასაფინანსებლად იყენებენ, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ლარიზაციას უწყობს ხელს,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.