მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარისხი, ფასები და კონკურენცია ბაზარზე - TI-ის კვლევა

5ce7b496b2c16
BM.GE
24.05.19 13:15
3539
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა, რის შედეგადაც შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

საწვავის ხარისხი

ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად ახორციელებს შემოწმებას - 2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში არსად არ გამოვლინდა ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმა. ყველა შესწავლილი ნიმუში შეესაბამებოდა სტანდარტებს, ერთის გარდა. „ბპ ოილ”-ის სახელით მოქმედ ბენზინგასამართ სადგურზე აღებულ პრემიუმის საწვავში დარღვეული იყო ოქტანობის მაჩვენებელი

საწვავის ფასები

საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსზე და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული. ბოლო 5 წელიწადში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, თუმცა საწვავი არ გაიაფდა იმის გამო, რომ ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა (2017 წლის პირველი იანვრიდან ერთ ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ერთ ტონა დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა).

ბაზრის სტრუქტურა

2013 წლიდან საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 2012 წელს არსებული 7-დან 2018 წლისთვის 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი 93.4%-დან 69.5%-მდე შემცირდა.

საქართველო სრულად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. 2018 წელს ქვეყანაში 864 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია.

იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა. 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო.

საბიუჯეტო შემოსავლები

საავტომობილო საწვავის ბიზნესი სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. 2018 წელს ამ ბიზნესიდან ბიუჯეტი 1.3 მლრდ ლარით შეივსო, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების მეათედია.
საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობის ბრუნვამ 2017 წელს 3 მლრდ ლარს გადააჭარბა, 2018 წლის 9 თვეში კი - 2.5 მლრდ ლარამდე იყო. საავტომობილო საწვავით საცალო ვაჭრობაში 10 050 ადამიანია დასაქმებული და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთილმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) ფლობს ავტომობილს. ყველაზე დიდი ნაწილი „რომპეტროლის“ (16%) საწვავს მოიხმარს, მეორე-მესამე ადგილზე „გალფი“ და „სოკარია“ 14-14%-ით. საწვავის არჩევის დროს მომხმარებელი ყველაზე დიდ ყურადღებას ფასს აქცევს, შემდეგ კი - ხარისხს.