25.თებერვალი .2016 11:20

სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების პროცესი - რა უნდა იცოდეს კრედიტორმა

views 1235
უკან

აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ, პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ბარათის თემაა: სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება.
 
სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება გულისხმობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;

სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება და სხვა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით კრედიტორმა უნდა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენისას კრედიტორმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობა

სააღსრულებო ფურცლის დედანი;

გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;

მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს კრედიტორის წარმომადგენელს).

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, რომელიც შეადგენს თითოეულ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნივთზე (მოთხოვნაზე) 100 ლარს. საფასურისგან კრედიტორი თავისუფლდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა