მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1294 ლარია, ქალის - 876 ლარი

5d073cd851ced
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.19 11:10
6167
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1092.7 ლარი იყო. ეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33.5 ლარით აღემატება. 

სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან განსხვავდება. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1294 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 418 ლარით ნაკლებია და 876 ლარს შეადგენს. 

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 32%-ით მეტია.

ეს არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ქალების და კაცების ხელფასები 32%-ით განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება გაყოფილი კონტრაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობაზე, არის 32%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე კაცების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაოს ღირებულება, გაყოფილი დასაქმებული კაცების რაოდენობაზე. 

სტატისტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ქალები დღეს უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ვიდრე - კაცები. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის - Gender Gap-ის მიხედვით, საქართველო, ქალებისა და კაცების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მსოფლიოში 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ, პირველები ისლანდია, ნორვეგია და ფინეთია. 

2019 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.